ტრადიცია გაგრძელდა - უელსის ნაკრებთან საქართველოს ნაკრები ისევ არ აგებს. მიუხედავად ბევრი სკეპტიკური აზრისა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტთან სტუმრად მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.
არადა, თავიდან „დრაკონები“ გარეტ ბეილის თავურით იგებდნენ, მაგრამ მერე მოედნის ბატონ-პატრონი ერთი გუნდი იყო - საქართველო! 57-ე წუთზე დიდებული კომბინაცია თორნიკე ოქრიაშვილის ჩინებული თავური დარტყმით დაგვირგვინდა - 1:1.
ქულა მოვიპოვეთ, პირველი მიმდინარე შესარჩევ ციკლში, მაგრამ უკმაყოფილების საბაბი უნდა გვქონდეს. არა, ნაკრების მიმართ არა, უიღბლობის მიმართ - თითქოს ჯადო გვადევს...
ირლანდიის მსგავსად ისევ ორჯერ შევაზანზარეთი მეტოქის ხარიხა, გარდა ამისა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით ლევან მჭედლიძის ეპიზოდი უნდა გამოვყოთ, თუმცა არ გამოვიდა მოგება ამ ჯერზე. უელსის ნაკრებს კი, დასამახსოვრებელი გოლის გარდა არაფერი შეუქმნია...
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ მოლდოვის ნაკრებთან გამართავს.
უელსი - საქართველო 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)