ფეხბურთი

15:16 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა“ უკრაინელ მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვიტა

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განხორციელდა. კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვლადიმირ ლიუტი გაათავისუფლა. „ზუგდიდის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უკრაინელ სპეციალისტთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ლიუტის დათხოვნის მიზეზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგები გახდა - ზუგდიდელებმა ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და წითელ ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლევან მიქაძე დანიშნეს, რომელსაც მამუკა ჭაჭუა დაეხმარება. მიქაძეც და ჭაჭუაც ვლადიმერ ლიუტის სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდნენ. მიქაძემ გუნდი მსგავს სიტუაციაში უკვე მესამედ ჩაიბარა. ბესიკ შეროზიას წასვლის მერე, გასული სეზონის პირველი წრის ბოლო მატჩებში ზუგდიდელებს მან უხელმძღვანელა, მოგვიანებით, უკრაინელი სპეციალისტის იური ბაკალოვის გადადგომის შემდეგაც მიქაძემ ჩაამთავრა სეზონი და მისი მწვრთნელობის დროს გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ზუგდიდის“ პრესსამსახურის ცნობით, ახალ მწვრთნელებთან ერთად იმუშავებს და მათ აქტიურად დაეხმარება კლუბის ვიცეპრეზიდენტი ლევან გულორდავა, რომელმაც ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან თავად ისაუბრა:

გუნდის ჩამოყალიბება მარტივად და სწრაფად არ ხდება, ეს ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ ამჟამინდელი რთული სიტუაციიდანაც შესაძლებელია „ზუგდიდის“ გამოყვანა. შანსი შესაძლოა თეორიულად მოეჩვენოს ბევრს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა შესაძლებელია და ყველამ ერთად დგომით შეუძლებელიც უნდა მოვახერხოთ. ცვლილებებს რაც შეეხება, მიამიტი არ ვარ, რომ მხოლოდ მთავარი მწვრთნელისკენ გავიშვირო ხელი და წარუმატებლობაში იგი დავადანაშაულო - ფეხბურთი მითამაში და მშვენივრად მესმის გუნდის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის რამდენი დრო და შრომაა საჭირო, მაგრამ ახლა ცვლილებები გარდაუვალი იყო. ამ ცვლილებს უკრაინელი მწვრთნელი გაგებით მოეკიდა და მას, როგორც პიროვნებას დადებითად შევაფასებ.

გუნდის ახლანდელ მწვრთნელებს ლევან მიქაძეს და მამუკა ჭაჭუას კარგად ვიცნობ და მათთან ერთად მუშაობა, ჩემთვისაც საინტერესო გამოწვევა იქნება. ჩვენი უმთავრესი მიზანია კოორდინირებული მუშაობით, გუნდი უმაღლეს ლიგაში დავტოვოთ და დიდი იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ლევან მიქაძეს ყოველთვის რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა და საბედნიეროდ, მას შედეგიც ჰქონდა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ გვინდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავარ მწვრთნელს დავაკისროთ, ანუ თითოეულმა თანაბრად უნდა გავინაწილოთ. განვმეორდები, რომ სამივე ჩვენგანის მუშაობა კოორდინირებული იქნება, ხოლო აქვე თამამად შემიძლია გითხრათ - ჩემი, როგორც ვიცეპრეზიდენტის, სამწვრთნელო შტაბშიც გამოჩენა, არანაირად ერთპიროვნულ მმართველობას არ დაუკავშირდება ჩემის მხრიდან და ამას გულღიად ვაცხადებ. აღნიშნულ სპეციალისტებს ვენდობი და მეგობრული ურთიერთობებიც გვაქვს, მთავარია საერთო საკითხზე ერთობლივად ვახდენთ გადაწყვეტილების მიღებას და ეს შედეგშიც აისახება“- აცხადებს ლევან გულორდავა.

0.125008