იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გრაციანო პელე ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა. როგორც აპენინელთა ფედერაციის ვებგვერდი გვამცნობს, 31 წლის ფორვარდი 9 ოქტომბერს, მაკედონიასთან მატჩისთვის ნაკრებს არ დაეხმარება.
ამის მიზეზი კი, გუშინ, ესპანეთთან მატჩისას მომხდარი ინციდენტია: “აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ “შანდონგის” ფორვარდი შეცვალა, რაზეც გრაციანოს რეაქცია მთლად მოსაწონი არ ყოფილა: მან მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. მართალია მოგვიანებით პელემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამან იგი სასჯელისგან ვერ იხსნა - სანქცია მხოლოდ კვირას გასამართ შეხვედრაში იმოქმედებს და მომავალში "სკუადრა აძურაში" თამაში პელეს შეეძლება, თუ რა თქმა უნდა, მას გუნდში მიიწვევენ.
გრაციანო პელეს იტალიის ნაკრებში დღემდე 20 მატჩი ჩაუტარებია და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაუტანია. მათ შორის, 2 ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე.