საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ირლანდიასთან (0:1) მარცხის შემდგომ აღნიშნავს, რომ მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ქულების გარეშეა და ფეხბურთი ასეთი გახლავთო.
როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა თქვა, ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ერთადერთი შეცდომა მარცხის ფასად დაუჯდა.
„როდესაც გოლს ვერ იტან, ვეღარც ქულებს დააგროვებ - ჩვენ ჩავატარეთ ძალიან კარგი პირველი ტაიმი და გვქონდა გატანის სამი შესანიშნავი შანსი. ერთი მძიმე შეცდომა კი დაგვიჯდა წაგებად. იმედია, მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს და ყოველთვის იქნება პროგრესი. ეს არაა ადვილი - სამ-ოთხ თვეში ახალი გუნდის გაკეთება.
ჩვენ კარგად ვითამაშეთ ავსტრიასთან, ასევე იყო დღეს, ირლანდიასთან, მაგრამ 0 ქულა გვაქვს - ასეთია ფეხბურთი. ეს არაა მხოლოდ უიღბლობა, ეს უბედურებაა. როგორც პირველივე დღიდან ვამბობდი, მატჩის მიმდინარეობისას ჩვენ არ გვაქვს ერთი შეცდომის უფლება“, - განაცხადა ვაისმა.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორი ტურის შემდგომ ქულა არ მოუპოვებია. მომდევნო თამაში „ჯვაროსნებს“ 9 ოქტომბერს, კარდიფში, უელსის ნაკრებთან ელოდებათ.