ფეხბურთი

10:55 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდია VS საქართველო – მერვე ცდა

“საქართველოს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ამ გუნდთან რთული თამაში გვექნება”, - ასეთია ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მარტინ ონილის მოსაზრება თამაშამდე. იმედია, ქართველი ფეხბურთელები გამოცდილ სპეციალისტს ამ სიტყვებში მატჩის დროს კიდევ უფრო დაარწმუნებენ...

დღეს, დუბლინში, “ავივა სთედიუმზე” საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრას ჩაატარებს და მიუხედავად რთული და რაც მთავარია უხერხული მეტოქისა, იმედი დავიტოვოთ, რომ შინ უქულოდ არ დაბრუნდება. შესაძლოა ბევრისთვის ამის წარმოდგენაც კი უტოპიაა, მაგრამ ჩვენს, ჩვენვე უნდა ვუქომაგოთ და გვჯეროდეს.

უბრალოდ, ვლადიმირ ვაისის გუნდს სხვა გამოსავალი არ აქვს – ეს, ისეთი ჯგუფია, ცხრილში დიდი ალბათობით სიმჭიდროვე იქნება და თითოეულ ქულასაც ოქროს ფასი დაედება. სხვათა შორის, ამაზე ონილმაც ისაუბრა გუშინდელ პრესკონფერენციაზე. ახლა კი გადავიდეთ თუ რა მდგომარეობაში ხდვებიან გუნდები ერთმანეთს და როგორ მოვიდნენ აქამდე – შემადგენლობით დავიწყოთ, ბუნებრივია ჩვენი ნაკრების.

სავარაუდო შემადგენლობა

თუ ვინ დაიცავს დღეს საქართველოს კარს, ეჭვს არ იწვევს – გიორგი ლორია ნუკრი რევიშვილის არყოფნაში ნაკრებში ფაქტობრივად უკონკურენტოა. რაც მთავარია, გამოცდილ კიპერს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფორმაშიც იმყოფება. მართალია, გიორგის გასული თვე ისეთი შთამბეჭდავი არ ჰქონია, როგორიც აგვისტო იყო, მაგრამ, მაინც.

დაცვაში ავსტრიასთან გამართულ მატჩთან შედარებით მინიმუმ ერთი ცვლილება იქნება: ალექსანდრე ამისულაშვილი ნაკრების წევრი უკვე აღარაა და შესაბამისად, ვაისს მისი შემცვლელი საპოვნელი ჰყავს, უფრო სწორად უკვე ნაპოვნი უნდა ჰყავდეს. მარჯვნივ წესით უნდა ვიხილოთ ოთარ კაკაბაძე - უჩა ლობჟანიძე ბოლო მომენტში დაშავდა და ვაისს სხვა არჩევანი მარჯვენა ფლანგზე ფაქტობრივად აღარ რჩება. საგულისხმოა, რომ უჩა ამ ფორმაციის ნაკრებში თამაშების რაოდენობით ყველას სჯაბნის – 50. მარცხენა ფლანგზე კი, გიორგი ნავალოვსკი უალტერნატივოა. ზურაბ ცისკარიძეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ნავალოვსკი კი, პირიქით – კარგ ფორმაშია და საბერძნეთის ჩემპიონატში ნორმალურად ირჯება. ცენტრალური წყვილი: საბა კვირკველია მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა, დღეს მაინც ძირითადში იქნება და ვფიქრობ, მისი შემცვლელი ახლა ისედაც არ გვყავს. რაც შეეხება მის მეწყვილეს: ორი ვარიანტია – გურამ კაშია ან ლაშა დვალი. პირველი, დღეს კაპიტანი იქნება, რაც შეეხება დვალს, კლუბში მუდმივად თამაშობს, მაგრამ ბოლო დროს მას კარგი სანაკრებო პერიოდი არ უდგას და ვაისიც დიდად არ სწყალობს... საქართველოს ნაკრების თავკაცს ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავით ხოჭოლავაც ჰყავს გამოძახებული, რომელიც საკლუბო დონეზე კარგ სეზონს ატარებს, თუმცა როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ლობჟანიძის მსგავსად ხოჭოლავამაც ტრავმა მიიღო ვარჯიშზე. ამ ეტაპზე ლობჟანიძეც და ხოჭოლავაც გუნდთან რჩებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა ეს ფეხბურთელები უელსთან 9 ოქტომბერს გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას.

ნახევარდაცვაში ბუბა დაუშვილი ერთი საყრდენი იქნება, მეორე ალბათ ვაკო გვილია. დაუშვილმა ავსტრიასთან ბევრი იბრძოლა და ცუდად არ უთამაშია. ამიტომ, რეალურია ვაისი ისევ ენდოს. მისი მეწყვილე კი ან კაშია იქნება კვლავ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ან ვაკო გვილია. ეს უკანასკნელი ნაკრებში პირველადაა მიწვეული და თუ სამწვრთნელო შტაბი ამ ფაქტმა არ შეაყოვნა, წესით 11-ეულში უნდა იყოს, რადგან გვილია დიდებულ ფორმაშია – ალბათ საუკეთესოშიც კი ამჟამად ჩვენი ნაკრების წევრთაგან. სამი შემტევის პოზიციაზე ჯანო ანანიძე უალტერნატივოა. მასთან ერთად კი, ფლანგებს ალბათ ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი გაამაგრებენ. არ გამოვრიცხოთ, რომ სასტარტოში ისევ ვიხილოთ “დინამოს” შემტევი ჯაბა ჯიღაური.

გამოკვეთლი ფორვარდის პოზიციაზე ვაისს დიდი არჩევანი აქვს რაოდენობრივად, მაგრამ ფორმის მხრივ, იგივეს ვერ ვიტყვით. სხვებთან შედარებით დავით სხირტლაძე კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ დღეს მაინც ლევან მჭედლიძეს უნდა ველოდოთ მოედანზე პირველივე წუთიდან.

შესაბამისად, მივიღეთ შემდეგი სასტარტო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; დაუშვილი, გვილია; ყაზაიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი; მჭედლიძე

დანაკლისი: საქართველოს ნაკრების ტრავმების გამო სერიოზული დანაკლისი აქვს: ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვესკვესკირი, ლევან ყენია, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა.

მეტოქის გასახდელი

მარტინ ონილის განკარგულებაში დღეს შვიდი ფეხბურთელი არ იქნება: დარენ გიბსონი, ჯეიმს მაკარტი, სტივენ ქვინი, ეიდენ მაკგიდი, კევინ დოილი, კეირან ვესტვუდი, ენდრიუ პელკინგტონი – როგორც ხედავთ, ირლანდიელთა ლაზარეთი გადავსებულია, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ამაზე ოცნების კოშკები ავაგოთ. ონილს მათი შემცვლელები ბლომად ჰყავს და წესით, არ უნდა გაუჭირდეს მათი ადვილად ჩანაცვლება.

ევრო 2016-ის შემდეგ ირლანდიელთა რიგებში ცვლილებზე თუ ვისაუბრებთ, პირველ ყოვლისა რობი კინი და შეი გივენი უნდა ვახსენოთ: ორივე მათგანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. კინი საერთოდ ჩვენთვის არცთუ კარგად მოსაგონარია – ხუთჯერ გაუტანია თავის დროზე საქართველოს ნაკრებისთვის. სხვა მხრივ, თითქმის იდენტური გუნდია, რომელმაც საფრანგეთში ითამაშა. თუმცა, არის რამდენიმე ახალი სახეც.

ირლანდიის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): რენდოლფი; კოულმენი, კეო, ოში, უორდი; უელანი, ჰენდრიკი, ბრეიდი; მაკლინი, ლონგი, უოლტერსი

ბოლო 10 შეხვედრა

ირლანდიის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 3 მოიგო, 3 წააგო და 4 ფრედ ითამაშა. მარტინ ონილის გუნდს ხსენებულ თამაშებში საშუალოდ 1.4 გოლი გაჰქონდა და 1.3 უშვებდა.

საქართველოს ნაკრებს კი იმავე ბოლო 10 შეხვედრიდან 6 მარცხი აქვს 2-2 მოგება-ფრის საპირისპიროდ. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ხსენებულ მატჩებში საშუალოდ 1.2 გოლის გატანა მოახერხა და 1.9 გოლი გაუშვა.

ცუდი წარსული...

ირლანდიის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ რად გინდა?! – 7 მატჩი და ყველა მარცხი. აქედან 6 ოფიციალური თამაში და ერთიც ამხანაგური. ჯერ სწორედ ამ სპარინგით დავიწყოთ – 2013 წლის ივნისში დუბლინში 4:0 წავაგეთ. ეს მატჩი ცუდად უნდა ახსენდებოდეს გიორგი ლორიას, რომელმაც მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და თითქმის მთელი თამაში საქართველოს ნაკრებს კაცნაკლულს მოუწია თამაში. გოლები კი რიჩარდ კეომ, საიმონ კოქსმა და რობი კინმა გაგვიტანეს. ამ უკანასკნელმა ეს ორჯერ გააკეთა.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს: პირველად ჩვენი გზები ევრო 2004-ის შესარჩევში გადაიკვეთა: 2003 წლის 29 მარტს “მიხეილ მესხზე” სტუმრებმა ორჯერ იხეირეს: დემიენ დაფმა და გარი დოჰერტიმ. გადამწყვეტი გოლი დოჰერტიმ 84-ე წუთზე გაგვიტანა, არადა 62-ე წუთზე ლევან კობიაშვილის ულამაზესი ჯარიმით გათანაბრებაც მოვახერხეთ. იმავე წლის ივნისში კი, დუბლინში, 2:0 დაგვამარცხა მასპინძელმა გუნდმა: ჩვენს კარში გოლი ისევ გარი დოჰერტიმ შეაგდო, მასთან ერთად რობი კინმა.

შემდეგ ჯერი 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე დადგა: 2008 წლის 6 სექტემბერს მაინცში “ვუმასპინძლეთ” კელტებს და კვლავ ვერაფერი გავაწყეთ. ლევან ყენიას გვიანმა გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა. ირლანდიელთაგან დოილმა და უელანმა იხეირეს.

დუბლინში კი, მეტი პრობლემა შევუქმენით მეტოქეს: პირველივე წუთზე ალექსანდრე იაშვილის გოლით წინ გავედით კარგა ხანს ვიგებდით. თუმცა, მერე საქმეში მსაჯი ჩაერია და 72-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი მოიგონა, რომელიც რობი კინმა ზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში “ჯვაროსნები” გატყდნენ და კინმა ხუთ წუთში დუბლი გაიფორმა.

და ბოლოს, წინა შესარჩევი ციკლიც უსიამოვნოდ გვახსენდება და მითუფრო ირლანდიასთან: თბილისში ეიდენ მაკგიდის დუბლს თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით ვუპასუხეთ, ხოლო დუბლინში, ზუსტად ერთი წლის წინ მინიმალურად წააგო კახა ცხადაძის ნაკრებმა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯონ უოლტერსმა 69-ე წუთზე გაიტანა.

იმედი...

ზოგჯერ ფეხბურთში უხერხული მეტოქე, მართლაც უხერხულია, მაგრამ იქნებ ჩვენც გავიქნიოთ კუდი და ეგებ, მერვე ცდაზე მაინც მოვახერხოთ კელტთათვის ხასიათის გაფუჭება. დაველოდოთ, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ფრანგი მსაჯი ტონი შაპრონი განსჯის. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

0.221968