საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, იგი ისეთივე ვითარებაშია, როგორც მაშინ, როდესაც სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავაში. ვაისს სწამს, რომ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია იგივე გზის გავლა, რაც სლოვაკეთმა მასთან ერთად გაიარა.
“ზუსტად იგივე სიტუაციაში ვარ, როდესაც სლოვაკეთის ნაკრებში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითიდღე მივდივართ წინ. საქართველოს ნაკრები რომ ჩავიბარე, ვნახე უმარავი თამაში, რომლებშიც ბევრი უიღბლობა გახლდათ. ქართველებს ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც გარკვეულ მატჩებში უშვებდნენ პოზიციურ ან ტაქტიკურ შეცდომებს. თუმცა, მომავალს იმედით შევყურებ და ვფიქრობ, ამ გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა არაა ადვილი, მითუმეტეს ასეთი ჯგუფიდან, რომელშიც ისეთი თანაბარი გუნდებია, როგორებიც ირლანდია, ავსტრია, სერბეთი და უელსია.
ბოლო პერიოდში ჩემი გუნდი ბევრს იბრძვის – ავსტრიასთან მატჩში ბოლო 20 წუთი ძალიან კარგად ჩავატარეთ და შეგვეძლო ის თამაში არ წაგვეგო”, - აღნიშნა ვაისმა.
ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირველი ტურის მერე, ირლანდიელთა აქტივში ერთუ ქულაა, ხოლო საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის უქულოდაა.