ფეხბურთი

14:04 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგა იწყება!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს “მოყვარულთა თასი 2016”-ის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11). ჩემპიონატმა სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აიღო.

მოყვარულთა თასის გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში 5 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობს.

თბილისის ლიგა წარმოადგენს მოყვარულთა თასის გათამაშების ნაწილს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. თბილისში ჩამოყალიბდა 2 ლიგა - უმაღლესი და პირველი ლიგა. უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა თბილისის ლიგის წინა გათამაშების მონაწილე 10 საუკეთესო გუნდით. თბილისის ლიგის წინა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა. ბოლო ადგილებზე გასული 6 გუნდი ასპარეზობას აგრძელებს თბილისის პირველ ლიგაში. გარდა აღნიშნული გუნდებისა, პირველ ლიგაში რეგისტრირდება დამატებით 6 გუნდი. სულ თბილისის უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობას იღებს 22 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს უმაღლესი, პირველი, მეორე ან ჭაბუკთა ლიგის გუნდებში.

თბილისის ლიგაში ასპარეზობს 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი.

თბილისის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულს ქალაქ თბილისის მერია დააჯილდოვებს 3 000 ლარით, მეორე ადგილზე გასულ გუნდს - 2 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილოსანს - 1 000 ლარით.

თბილისის ლიგა სტარტს 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასა“-ზე აიღებს. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის ლიგის წინა გათამაშების გამარჯვებული „ვაზის უბანი“ და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კვარტალი“ დაუპირისპირდებიან. გახსნით მატჩს დაესწრებიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

0.115402