საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ კაშიამ ისაუბრა მოახლოებულ თამაშზე.
როგორც გურამმა განაცხადა, ირლანდია ძლიერი გუნდია განსაკუთრებით ფიზიკურად, მაგრამ საქართველოს დადებითი შედეგის ჩვენება შეუძლიაო.
“ირლანდია სტაბილური გუნდია, რომელიც ძალისმიერ და კარგ ფეხბურთს თამაშობს. აქამდე რამდენჯერმე ვეთამაშეთ და სამწუხაროდ ჯერ მასთან ვერაფერს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, ახლა შევძლებთ დადებითი შედეგის ჩვენებას, რადგან ჩვენ ეს შეგვიძლია. ბოლო თამაში როგორც ჩავატარეთ ავსტრიის ნაკრებთან, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, ისე თუ ვითამაშებთ, მჯერა, ირლანდიაში შედეგი კარგი იქნება. ვფიქრობ, ირლანდია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და ამაში არ უნდა ჩამოვრჩეთ თუ წარმატება გვინდა. ტექნიკით შეიძლება ვაჯობოთ, მაგრამ საჰაერო დუელებსა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ, ასეთი ბრძოლები უნდა მოვუგოთ, რადგან პრობლემა შეიძლება სწორედ ასე შეგვიქმნან.
კარგია, რომ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რადგან ისინი დადებით ენერგიას აწვდიან ნაკრებს. ეს, იმ მხრივაცაა კარგი, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ნაკრებში თამაშს გამოცდილებაც ადვილად მოდის. ამჟამად გვყავს ნიჭიერი მოთამაშეები, რომელთაც სწორედ გამოცდილება აკლიათ”, - თქვა სფფ-ის ვებგვერდთან საუბრისას კაშიამ.
შეგახსენებთ, ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრა 6 ოქტომბერს, 22:45 საათზე, დუბლინში გაიმართება.