ფეხბურთი

0:20 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი სექტემბერში - ჯანო ანანიძე

მაშ ასე, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად სექტემბრის თვეში ჯანო ანანიძე დასახელდა – WORLDSPORT.GE-ს რუბრიკა "თქვენ ირჩევთ" გამარჯვებული სწორედ 23 წლის შემტევი გახდა.

ჩვენს ვებგვერდზე 1 ოქტომბერს განთავსდა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა ნებისიმერ ადამიანს შეეძლო და მოცემული კანდიდატებიდან სასურველისთვის ხმის მიცემა. საბოლოოდ, აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა 841 ადამიანმა მიიღო და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ანანიძეს ერგო.

ჯანო სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა 56.6%-მა მიიჩნია. მეორე ადგილზე გავიდა საჩხერის “ჩიხურას” ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე, რომელსაც ჯამში ხმების 22.1% დაუგროვდა. საუკეთესო სამეულის ბოლო საფეხურზე კი დანიური “სილკებორგის” ლეგიონერი დავით სხირტლაძე გავიდა 9.6%ით.

აქვე, გთავაზობთ გამოკითხვის სრულ შედეგებს:

1. ჯანო ანანიძე – 56.6%

2. საბა ლობჟანიძე – 22.1%

3. დავით სხირტლაძე – 9.6%

4. ვაკო გვილია – 6.5%

5. დავით ხოჭოლავა – 2.3%

6-7. გიორგი ნავალოვსკი – 1.4%

6-7. ბუდუ ზივზივაძე – 1.4%

ჩვენმა ვებგვერდმა აღნიშნული გამოკითხვა, რომელსაც “თქვენ ირჩევთ” ჰქვია, პირველად ჩაატარა და ამიერიდან რეგულარულ სახეს მიიღებს: იგი ტრადიცულად ყოველი თვის დასრულებისთანავე განთავსდება WORLDSPORT.GE-ზე და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მკითხველი საუკეთესოს თავად აარჩევს. რაც შეეხება ნომინანტებს – ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ წარმოაჩენენ კონკრეტულ თვეებში ფეხბურთელები თავს, თორემ მათი რაოდენობა შეზღუდული სულაც არაა.

ახლა კი, გამარჯვებულზეც ვთქვათ: 23 წლის ქართველი შემტევი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს: 9 მატჩი 6 გოლი – ასეთია მისი საამსეზონო მონაგარი. რაც შეეხება უშუალოდ სექტემბრის თვეს, ჯანომ სამი შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჯერ საქართველოს ნაკრების რიგებში ავსტრიასთან მატჩში გამოირჩა კარგი თამაშით და “ოსტერეიხთან” მშრალზე რომ არ წავაგეთ, მისი ულამაზესი გოლის დამსახურებაა. მერე იყო გოლი “ორენბურგის” კარში, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა, ხოლო “ო გლობოს” ვერსიით, კვირის ტოპ გოლებში მეორე ადგილზე გავიდა.

0.068868