სხვა

19:35 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი კანდიდატი – ლერი ხაბელოვი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 23 დეკემბერს გაიმართება და ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ახალი 4-წლიანი ვადით გასაპრეზიდენტებლად იყრის კენჭს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სეოკ-ის აღმასკომმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დღის წესრიგის პირველი საკითხი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის შეჯამება იყო. სეოკ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, რომ ბრაზილიური ოლიმპიადისთვის მზადების პროგრამა 2013 წლის დასაწყისში, სეოკ-ის ხელმძღვანელობაში ახალი გუნდის მოსვლისთანავე ამოქმედდა. სპორტის სამინისტროსთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რათა მაღალ დონეზე ჩატარებულიყო მთელი მოსამზადებელი ციკლი. მთელი ეს პერიოდი ოლიმპიურ გუნდებს, ცალკეულ წამყვან სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს ყველა პირობა ჰქონდათ იმისთვის, რომ შეუფერხებლად და სრულფასოვნად გაევლოთ ოლიმპიადისთვის მზადების თითოეული ეტაპი.

"საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მოიპოვა 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, საერთო ჩათვლაში კი 207 ქვეყანის დელეგაციას შორის დაიკავა 38-ე ადგილი. ჩვენ გავაუმჯობესეთ წინა ოლიმპიადის შედეგები და შევასრულეთ ჩვენი დევიზი - "უკეთ, ვიდრე ლონდონში!". ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო პირველად წარსდგა 40 სპორტსმენით, ასევე პირველად - კვარცხლბეკის პირველ და მესამე საფეხურზე იდგა ერთდროულად 2 ქართველი ოლიმპიელი, მძიმე წონაში გამარჯვებულმა პლანეტის უძლიერეს მამაკაცად აღიარებულმა ლაშა ტალახაძემ კი დაამყარა მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდები, რაც ასევე პირველი შემთხვევაა დამოუკიდებლობის წლებში” – განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

რიო 2016-ზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა აღმასკომმაც წარმატებად შეაფასა. ითქვა, რომ გასული ოლიმპიური თამაშების შედეგებზე დეტალური მსჯელობა გაიმართება სეოკ-ის მომავალ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე.

დღის წესრიგის მეორე საკითხი სწორედ სესიის თარიღის დაზუსტება იყო. სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა აღმასკომის წევრებს 23 დეკემბერი შესთავაზა და აბსოლუტური მხარდაჭერაც მიიღო. ასევე ყველა დათანხმდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის ინიციატივასაც, რომ ხაბელოვმა მეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის არჩევნებში.

დღესვე გაირკვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა. აღმასკომის წევრმა თამაზ თევზაძემ განაცხადა, რომ ლერი ხაბელოვის კანდიდატად დასახელებას მხარს უჭერს, მაგრამ ამავდროულად თავადაც აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რომელი ფედერაცია წარადგენს თევზაძეს, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაირკვევა. მას შემდეგ, რაც ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს.

წესდების თანახმად, სეოკ-ის პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატების ოფიციალურად წარდგენის ვადა არჩევნებამდე ათი დღით ადრე ამოიწურება.

0.114913