როგორც იქნა, სეზონში პირველი თამაში მოიგო სამარის “კრილია სოვეტოვმა”. ფრანკ ვერკოტერენის გუნდმა რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურში საკუთარ მოედანზე მახაჩყალის “ანჟის” აჯობა 2:1.
გამარჯვებულთა შორის, ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა გიორგი ლორია. ქართველმა მეკარემ ერთადერთი გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე გაუშვა ბერიშასგან, რომელმაც ლორიას ახლო კუთხეში გაუტანა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ კიპერს დარტყმის მომენტში მცველები ეფარებოდნენ და შესაბამისად, რეაგირების მოხდენაც ამიტომ დაუგვიანდა. მთლიანობაში მან დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და 2 სეივიც შეასრულა. რუსულმა მედიამ მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასა.
“კრილია სოვეტოვს” 9 ტურის თავზე 6 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მის კონკურენტებს მეცხრე ტურის მატჩები ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ.