ფეხბურთი

22:36 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მწარე რეალობა: ჩვენ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ

თითქოს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე არ გვეყოფოდა ყაზახებისგან ალიყური, ახლა ახალგაზრდულ ასაკშიც ვიგემეთ. თბილისის "დინამომ" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე შინ 0:3 წააგო ალმათის "ქაირათთან".

არადა, მშვენიერი აკადემია და ლიდერობა თავის ასაკში, მაგრამ რად გინდა? როცა აბსოლუტურად დაუხვეწავ, არაგუნდურ ფეხბურთს თამაშობ, როცა არასწორი გადაწყვეტილებებია, რას გინდა მიაღწიო? ჩამოვრჩით როგორც ტაქტიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ხომ ნახეთ, პირველი გაშვებული გოლი და მოიშალა ისიც, რაც მანამდე იყო.

ფეხბურთელი ცენტრიდან რომ ბურთს წაიღებს და აუტზე ბურთიანად გადავა, ხომ უნდა ფიქრობდეს, რომ მოპირდაპირე მხარეს თანაგუნდელები ელიან? თავის აწევაა საჭირო, აზროვნებაა საჭირო, მაგრამ არ გამოდის. ყაზახთა მესამე გოლი ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი. სამწუხაროდ, წლები გადის, ჩვენში კი თანამედროვე ფეხბურთი ვერა და ვერ შემოვიდა. ვერ ვუღებთ ალღოს.

ვინც გუნდისთვის მოქმედებს, თამაშს კითხულობს და აზროვნებს, მათზე არ კეთდება აქცენტი. "მაგარი ის კი არაა, ვინც თავისუფალ პარტნიორს მოძებნის, არამედ ის, რომელსაც წინ ორი მეტოქე უდგას და მაინც მატაობაზე მიდის. დაკარგავს ბურთს? დიდი ამბავი..." - აი, ეს მიდგომაა დღეს და იმიტომაც ვართ კარგ დღეში.

ცოტა დავხვეწოთ გუნდური თამაში, სირცხვილია, ასე აღარავინ მოქმედებს ევროპაში.

...მეკარეს უკან დაუბრუნეს ბურთი, კულუამ დამუშავებას დიდი ხანი მოანდომა, ყაზახმა კოტოვმა კი წაართვა და ცარიელ კარში შეაგორა. კურიოზული გოლი იყო - 0:1.

ყაზახმა ბახტიაროვმა 15-16 მეტრიდან დაბალი ბურთი დააარტყა, მეკარეს კი ხელიდან გაუვარდა - 0:2.

ყაზახთა მარტივი კომბინაცია, ბახტიაროვი პირისპირ გაიყვანეს მეკარესთან და მანაც იოლად გაიტანა -0:3.

მომენტები გვქონდა, მაგრამ ყაზახები იმდენად ვერ გვიშლიდნენ ხელს, რამადენადაც თავად ვაცუდებდით. თითზე ჩამოსათვლელი იყო მომენტები, როცა ყაზახთა მეკარემ გაგვამწარა. კარში ხეირიანად დარტყმა ვერ ხერხდებოდა.

უეფას ახალგაზრდული ლიგა. პირველი რაუნდი, 1/16 ფინალი

დინამო (თბილისი) - ქაირათი(ალმათი) 0:3 (0:0)

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი,კობოური, კუცია (ყურაშვილი 79), ფოჩხუა, ჩაკვეტაძე, ძაგოევი (ხარაბაძე 54), ზარია, გოგილაშვილი (ქავთარაძე 63)

მწვრთნელი: ლევან გვანცელაძე

გოლები: 0:1 კოტოვი (55), 0:2, 0:3 ბახტიაროვი (60, 72)

გაფრთხილება: ჟუზბაი (27), არტიუშენკო (29), აიტორი (32), კოტოვი (66)

0.368514