თემურ შალამბერიძემ ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. "შუქურა" თავის ჯგუფში ბოლო ადგილზეა, 6 მატჩში არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება), არადა, შალამბერიძის თავკაცობით გუნდმა გასულ სეზონში ნორმალური შედეგი აჩვენა.
შალამბერიძეს ადრე გორის "დილა" და "საბურთალო" გაუწვრთნია, იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის თავკაციც.
შალამბერიძემ მადლობა გადაუხადა "შუქურას" გულშემატკივრებს და კლუბს წარმატება უსურვა.
როგორც შევიტყვეთ, "შუქურაში" უკვე მივიდა ახალი მწვრთნელი: დღეს გუნდი გია გურულმა ავარჯიშა. როგორც იცით, გურული ხობის "კოლხეთს" თავკაცობდა, მანამდე კი ბათუმის "დინამოს" ედგა სათავეში. 52 წლის გურული წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ, თბილისის "დინამოშიც" კვალი დატოვა და უცხოეთშიც ურიგო კარიერა არ ჰქონია, პოლონურ "გკს კატოვიცეში" ლიდერი იყო და საფრანგეთის ლიგა 1-შიც კარგი სეზონები ჩაატარა: კერძოდ, "ლე ავრში".