ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. როგორც 32 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, დაიღალა და ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
იქვე, “აპაჩი” არგენტინის ეროვნული ნაკრების თემასაც შეეხო. მისი თქმით, “ალბისელესტეში” მიწვევა ამჯერად არ დაუმსახურებია.
“ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობ – დავიღალე. ჩემს ოჯახსა და აგენტს უნდა ვესაუბრო და მერე ვნახოთ. ახლა, გადაწყვეტილად არაფერი ვიცი.
არგენტინის ნაკრები? – გამოძახება არ დამიმსახურებია, რადგან ბოლო დროს კარგად ვერ ვთამაშობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მაურო იკარდი ერთ შანსს იმსახურებს”, - განაცხადა ტევესმა.
შეგახსენებთ, ტევესი “ბოკაში” 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა, თუმცა იმედი მაინცდამაინც ვერ გაამართლა. დღემდე მან სამხრეთამერიკულ გრანდში 47 შეხვედრაში ოდენ 19 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე, კარლოსი ორი წელი ტურინის “იუვენტუსში” წარმატებით თამაშობდა.