დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი რვა მატჩი გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს შარშანდელი ნახევარფინალური წყვილის დაპირისპირება იწვევს: მადრიდში, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” დაუხვდება. გარდა ამისა, კატალონიის “ბარსელონა” გლადბახში ჩავიდა ადგილობრივ “ბორუსიასთან” სათამაშოდ. მოკლედ, დღეს გერმანულ-ესპანური დუელების მოლოდინში ვართ. პეპ გვარდიოლას უძლეველი “მანჩესტერ სიტი” კი, გლაზგოში “სელტიკს” გაეჯიბრება.
A ჯგუფი
“არსენალი” – “ბაზელი”
“არსენალი” და “ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურს დიდებულ ფორმაში ხვდებიან. “მეთოფეებმა” მძიმე სტარტის მერე თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესეს და პრემიერლიგაში ახლა ლიდერთა მარაქაშში იმყოფებიან. არსენ ვენგერის გუნდმა ბოლო ტურში ლონდონურ დერბიში “ჩელსი” ძალზე მარტივად დაამარცხა (3:0). თავის მხრივ, ურიგოდ არც მისი დღევანდელი ვიზავი, “ბაზელი” გამოიყურება. შვეიცარიელებს ბოლო 11 თამაშიდან 10 აქვთ მოგებული. თუმცა, მათთვის ინგლისში მოგზაურობა არცთუ ისე სახარბიელოა – 12 შეხვედრა და ერთადერთი მოგება. აღვნიშნოთ ისიც, რომ “არსენალს” შვეიცარიულ გუნდებთან ყველა მოგება აქვს, თუმცა “ბაზელს” ისტორიაში პირველად ხვდება.
დღევანდელ მატჩში არსენ ვენგერის განკარგულებაში ჟირუ, კოკელნი, მერტესაკერი, უელბეკი და რემსი არ იქნებიან, ხოლო ურს ფიშერი აკანისა და იანკოს მოისაკლისებს. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ძმები, ტოლენ და გრანიტ ჯაკები ითამაშებენ. მათ ზაფხულში ევრო 2016-ზეც მოუწიათ ერთმანეთის პირისპირ თამაში...
პირველ ტურში ორივე გუნდმა ფრე ითამაშა და ორივე 1:1 – შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში ყველაფერი ახლა იწყება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლონდონი, “ემიერეთსი”
22:40 საათი
“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი; გ. ჯაკა, კაზორლა; უოლკოტი, იოზილი, აივობი; ალექსის სანჩესი
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ბაზელი” (4-2-3-1): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე; ტ. ჯაკა, ზუფი; ბიარნასონი, დელგადო, სტეფენი; სპორარი
მწვრთნელი: ურს ფიშერი
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)
“ლუდოგორეცი” - “პარი სენ ჟერმენი”
საფრანგეთის ჩემპიონი ბულგარეთის ჩემპიონს სტუმრობს. პსჟ შარშანდელივით ძლევამოსილი არაა და ბოლო ტურშიც წააგო “ტულუზასთან”. უნაი ემერის კრიტიკა ისედაც არ აკლდა და ამის მერე, კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად, პარიზელებს დღეს მხოლოდ მოგება მართებთ. თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნება – “ლუდოგორეცი” ჩინებულ ფორმაშია და უკვე 9 თამაშია არ წაუგია. ისიც აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს დონის მეტოქე არ ჰყოლია. ამ გუნდებს ერთმანეთში აქამდე არ უთამაშიათ, ეგ კი არა, “ლუდოგორეცი” ფრანგულ კლუბს ისტორიაში პირველად ეთამაშება.
დღევანდელ მატჩში ბულგარელებს სისინიო და ვიტინია დააკლდებათ ტრავმების გამო, ხოლო ფრანგებს ხესე და ბენ არფა ვერ დაეხმარებათ. არ უნდა ეთამაშა მარკო ვერატისაც, რომელიც პირველ ტურში “არსენალთან” მატჩში გააძევეს, მაგრამ უეფამ იტალიელს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და მარკო დღეს სოფიაში მოედანზე იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
სოფია, “ვასილი ლევსკი”
22:40 საათი
“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; მინევი, მოცი, პალომინო, ნათანიელი; დიაკოვი, ანიცე; მისიდიანი, მარსელინიო, ვანდერსონი; კაფუ
მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი
“პარი სენ ჟერმენი” (4-2-3-1): არეოლა; ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი; კრიხოვიაკი, მატუიდი; ლუკასი, ვერატი, დი მარია; კავანი
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
B ჯგუფი
“ბეშიქთაში” – “დინამო” (კიევი)
B ჯგუფში სტამბულის “ბეშიქთაში” შინ კიევის “დინამოს” მიიღებს, რომელთანაც არცთუ ისე კარგი მოგონებები უნდა აკავშირებდეს. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრილან და აქედან ხუთი თამაში უკრაინელებმა მოიგეს. ყველაზე მწარედ შენოლ გიუნეშის გუნდს 2010-2011 წლების სეზონში, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი უნდა ახსენდებოდეს, როცა “დინამომ” მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 8:1 (4:0, 4:1) მოუგო.
თუმცა, ეს წარსულში დარჩა და დღევანდელი რეალობა კი გვკარნახობს, რომ “დინამო” ცუდ ფორმაშია. ბოლო ხუთი მატჩიდან კიეველებმა სამი წააგეს, მათ შორის, ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე იტალიურ “ნაპოლისთან”. “ბეშიქთაშიც” ვერაა ძალიან დამაჯერებელი, მარამ წაგებით მიმდინარე სეზონში არ აგებს. სხვათა შორის, 2009 წლის მერე თურქული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ საშინაო თამაშს ჩაატარებს.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ ოზიაკუპი ვერ დაეხმარება. კიეველთა დანაკლისი კი, გაცილებით სერიოზულია: სიდორჩუკი, დანილო სილვა და გუსევი.
სავარაუდო შემადგენლობები:
სტამბული, “ვოდაფონ არენა”
22:40 საათი
“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ადრიანო; ინლერი, ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ტალისკა, ერკინი; თოსუნი
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში
“დინამო” (4-1-4-1): შოვკოვსკი; მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო; რიბალკა; იარმოლენკო, გარმაში, ფედორჩუკი, გონსალესი; მორაეში
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
“ნაპოლი” – “ბენფიკა”
ამავე ჯგუფის მეორე თამაში რეალურად უფრო მეტ ინტერესს იწვევს – “ნაპოლი” ლისაბონის “ბენფიკას” უმასპინძლებს. იტალიელები პირველი ტურის მერე ერთპიროვნულად ლიდერობენ ქვეჯგუფს, ფორმაში კი ორივე გუნდია: “ბენფიკას” უკვე 17 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა, ხოლო ნეაპოლიტანელებს – 10. “არწივებიც” და “აძურიც” შიდა ჩემპიონატში კარგად გამოდიან და ლიდერები არიან. “ნაპოლი” მხოლოდ “იუვენტუსს” ჩამორჩება, თუმცა ერთადერთი გუნდია 6 ტურში, რომელსაც ჯერაც არ წაუგია.
“ნაპოლის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აქამდე საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ გუნდებთან გამართული ხუთი დაპირისპირებიდან არცერთი დაუთმია. ერთხელ კი, “ბენფიკაც” ჰყავს დამარცხებული – 2008-2009 წლების სეზონში, უეფას თასზე – 3:2. თუმცა, მაშინ ლისაბონში პორტუგალიელემა 2:0 იმარჯვეს. მაშინდელი თამაშებიც ქვეჯგუფის ეგიდით იმართებოდა.
დღევანდელ შეხვედრაში მაურიციო სარი მხოლოდ რუმინელ მცველ ვლად ჩირიკეშს ვერ დაიხმარს, რომელიც ძირითადის წევრად ისედაც არ მოიაზრება. სტუმრების დანაკლისი კი, ბევრად სერიოზულია: რუი ვიტორიას გუნდს “სან პაოლოზე” ჟონასის, რაფას, სამარისისა და ხიმენესის გარეშე მოუწევს თამაში.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნეაპოლი, “სან პაოლო”
22:40 საათი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მილიკი, მერტენსი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; სემედო, ლინდელოფი, ჟარდელი, გრიმალდო; ფეისა, ჰორტა, პიცი, სალვიო; გუედეში, მიტროღლუ
მწვრთნელი: რუი ვიტორია
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
C ჯგუფი
“გლადბახი” – “ბარსელონა”
კატალონიის “ბარსელონა” მეორე ტურის მატჩს გერმანიაში, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველ ტურში ესპანელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს, ხოლო გერმანელებმა – წააგეს. მოკლედ, ახლა ანდრე შუბერტის გუნდს უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ აქვს. “გლადბახი” საკმაოდ კარგ ფორმაშია და მას მერე, რაც ლიგის პირველ ტურში “სიტისთან” განადგურდა, წაუგებლად თამაშობს (2 მოგება, 1 ფრე). იგივე ითქმის “ბარსაზეც”, რომელმაც შინ “ალავესთან” მოულოდნელი მარცხის მერე ყველა მატჩი მოიგო, გარდა ერთისა, მადრიდის “ატლეტიკოსთან”.
უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონას” გერმანიაში აქამდე ჩატარებული 27 მატჩიდან მხოლოდ რვა მარცხი აქვს განცდილი, სამაგიეროდ, “გლადბახს” ბოლო 11 საშინაო მატჩი აქვს მოგებული. სხვათა შორის, “ბლაუგრანას” მეკარე მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თავის დროზე “გლადბახის” სკოლის აღზრდილია და სახელიც იქ გაითქვა.
დღევანდელ მატჩში “ბარსელონას” სამუელ უმტიტი და ლიონელ მესი დააკლდება, რომელსაც თურქი არდა თურანი შეცვლის. ანდრე შუბერტი დომინგესს, სტრობლსა და დრმიჩს მოისაკლისებს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
გლადბახი, “ბორუსია პარკი”
22:40 საათი
“გლადბახი” (3-2-3-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, იანტშკე; კრამერი, დაჰუდი; ჯონსონი, ვენდტი; სტინდლი, რაფაელი
მწვრთნელი: ანდრე შუბერტი
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; ნეიმარი, სუარესი, არდა
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
“სელტიკი” – “მანჩესტერ სიტი”
რა შანსი აქვს გლაზგოს “სელტიკს” “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში ძნელი სათქმელია – პეპ გვრადიოლას სტარტი ინგლისში დიდებულია და თუ ასე გააგრძელებს, “ქალაქელთა” შეჩერება ბარე-ორ გუნდს გაუჭირდება. 10 თამაში, 10 მოგება – ასეთია პეპისა და “სიტის” საამსეზონო მონაგარი, რომელიც დღეს დიდი ალბათობით გაუმჯობესდება. კი მართალია, “სელტიკიც” შოტლანდიის პრემიერშიპში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ ლიგაზე ანგარიშგასაწევ ძალად არ ითვლება. ამაზე პირველი ტურიც მოწმობს, როდესაც გლაზგოელებმა “ბარსელონასთან” 0:7 წააგეს – თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით.
“სიტი” და “სელტიკი” დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ეგ კი არა, მანჩესტერული კლუბი აქამდე შოტლანდიურ გუნდს არასდროს შეხვედრია.
აღნიშნულ მატჩს “სელტიკი” ტრავმების გარეშე ხვდება, ხოლო “სიტის” ვინსენ კომპანი, კევინ დე ბრუინი და დელფი დააკლდება.
სავარაუდო შემადეგნლობები:
გლაზგო, “სელტიკ პარკი”
22:40 საათი
“სელტიკი” (4-4-1-1): გორდონი; ლუსტიგი, ტურე, სიმუნოვიჩი, ტიერნი; ფორესტი, ბრაუნი, ბიტონი, სინკლერი; როგიჩი; დემბელე
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
“მან სიტი” (4-1-4-1): ბრავო; სანია, სტოუნსი, ოტამენდი, კოლაროვი; ფერნანდინიო; სტერლინგი, გუნდოგანი, სილვა, ნავასი; აგუერო
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
D ჯგუფი
“როსტოვი” – “პსვ ეინდჰოვენი”
ამ თამაშს აქედანვე შეიძლება ვუწუდოთ ბრძოლა მესამე ადგილისთვის, ანუ, ევროპა ლიგის საზგურისთვის. ძნელად სავარაუდოა, რომ “როსტოვი” და პსვ ეინდჰოვენი “ბაიერნისა” და “ატლეტიკოს” ჭიდილში ჩაერივნონ. მართალია, “როსტოვი” პსვ-ს არასდროს დაპირისპირებია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ამსტერდამის “აიაქსს” გაეჯიბრა და ორი მატჩის ჯამში 5:2 გაანადგურა. მოკლედ, ახლა იგივეს გაკეთება ჰოლანდიის ჩემპიონთანაც ეცდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჩემპიონს საკუთარ მოედანზე უკვე მიჯრით 24 მატჩია არ წაუგია ყველა ტურნირის ჩათვლით. ისე კი, ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, თუმცა სამივე გასვლაზე: “ბაიერნთან”, “კრასნოდართან” და მოსკოვის “დინამოსთან”.
თავის მხრივ, პსვ-ს ნავსი აქვს გასატეხი: “ფილიპსელებს” ევროასპარეზზე ზედიზედ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ საგარეო მატჩებში.
დღევანდელ მატჩში ფილიპ კოკუს ზინჩენკო და ლოკადია დააკლდება, ხოლო მის რუს ვიზავის ბუხაროვი, გრიგორიევი და იაროშენკო.
სავარაუდო შემადგენლობები:
როსტოვი, “როსტოვ არენა”
22:40 საათი
“როსტოვი” (5-4-1): ჯანაევი; კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი; ეროხინი, გაცკანი, ნობოა, პოლოზი; აზმუნი
მწვრთნელი: ივან დანილიანცი
“პსვ ეინდჰოვენი” (4-3-3): ზუტი; ბრენეტი, ისიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი; პროპერი, გუარდადო, ჰენდრიქსი; პერეირო, დე იონგი, ნარსინგი
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)
“ატლეტიკო” – “ბაიერნი”
დღის ცენტრალური მატჩი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართება – შარშანდელი ნახევარფინალის რიმეიქი: “ატლეტიკო” – “ბაიერნი”. მიუნხენელებს აპრილში განცდილი მარცხისთვის რევანში აქვთ ასაღები. შარშან “ბაიერნს” პეპ გვარდიოლას წვრთინდა, ახლა კარლო ანჩელოტი. იტალიელის ხელში კი, გერმანულ გრანდს დიდებული შედეგი აქვს – აქამდე ჩატარებული ყველა მატჩი “რეკოდრმაისტერმა” მოიგო. “ატლეტიკომ” კი, სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და ახლა კარგ მდგომარეობაშია. ამაზე მეტყველებს ერთი კვირის წინ “კამპ ნოუზე” მიღწეული ფრე (1:1).
აღსანიშნავია, რომ “როხიბლანკოს” საკუთარ მოედანზე ბოლო 30 თამაშიდან 25 მოგებული აქვს. მათ შორის ბოლო, სწორედ “ბაიერნთან” საულ ნიგეზის ფანტასტიური გოლით. საერთოდ, აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრილან: 2 მოგება გერმანელებზეა, 1 ესპანელებზე, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. შარშანდელზე უკვე იცით, მანამდე კი ისინი ორჯერ შოერულ 1974 წელს დაუპირისპირდნენ, ჩემპიონთა თასის ფინალში.
დღევანდელ მატჩში საეჭვოა მატს ჰუმელსის თამაში, რომელსაც ტრავმა აწუხებს. მის გარდა კარლო ანჩელოტი დუგლას კოშტასა და ჰოლგერ ბადშტუბერს ვერ დაიხმარს. “ატლეტიკო” კი იმავე მიზეზით მოიას, ხიმენესს, აუგუსტოსა და ჩერჩის მოისაკლისებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
22:40 საათი
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, ნიგეზი, გაბი, კარასკო; გრიზმანი, ტორესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა; ვიდალი, ალონსო, ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
მსაჯი: სჟიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)