საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 სექტემბერს თბილისის უბნებს შორის საფეხბურთო ტურნირს იწყებს. შეჯიბრი, სახელწოდებით “საფეხბურთო უბანი 2016“ 5 დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მოყვარულ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
საუკეთესოს ტიტულისათვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის – თბილისის 15 უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები. ტურნირი ღია ცის ქვეშ რამიშვილის ქ.31 მდებარე სტადიონზე გაიმართება (მზიურის სტადიონი).
27 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გათამაშების წილისყრა გაიმართა.
ტურნირის ფინალური დაპირისპირება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრის გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, სპეციალური ჯილდო გადაეცემათ ტურნირის გამორჩეულ ფეხბურთელებსაც.
“საფეხბურთო უბანი 2016“ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
www.gff.ge