ფეხბურთი

11:52 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გოლები უცხოურ დერბებში - "მადონინადან" "ოლდ ფირმამდე" (+VIDEO)

ახლო წარსულიდან კარგად გვახსოვს ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ირჯებოდნენ და შესაბამისად, ევროპის გამორჩეულ დერბებშიც მონაწილეობდნენ. მეტიც, არამხოლოდ მონაწილეობდნენ, არამედ იყო შემთხვევები, როდესაც მატჩის ბედსაც წყვეტდნენ – “დერბი დელა მადონინა”, “ოლდ ფირმი”, მანჩესტერული დერბი... მოკლედ, ეს ადრე გახლდათ, ახლა საუბედუროდ, ასე არაა და რომელიმე გამორჩეულ დაპირისპირებაში გამარჯვების გოლს ვიღა ჩივის, წამყვან საფეხბურთო ლიგებში მოთამაშეთა ყოლაც სანატრელი გაგვიხდა.

მანამდე კი, გავიხსენოთ, ქართველების მიერ გატანილი გოლები სხვადასხვა ქალაქის დერბებში...

კახა კალაძე (“მილანი” – “ინტერი” 1:0) – როდესაც ერთი ქალაქის გუნდთა დაპირისპირებებზე ვსაუბრობთ, მილანური დერბი, ანუ დერბი “დელა მადონინა” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და უდაოდ დერბთა ჩამონათვალში საწყის პოზიციებზე უნდა დავაყენოთ. ჩვენთვის სასიხაულოა, რომ აღნიშნულ დერბიში არაერთხელ უთამაშია კახა კალაძეს, რომელიც “მილანის” მაისურით 2001-2010 წლებში ირჯებოდა. ბუნებრივია, კახას არაერთხელ უასპარეზია “მადონინაში”, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული ცალსახად 2006 წლის 14 აპრილს გამართული დაპირისპირებაა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი “მილანი” ნომინალური მასპინძლის რანგში “ინტერნაციონალეს” ვერაფერს უხერხებდა 74-ე წუთამდე. ანუ, მანამდე, სანამ კალაძემ მატჩის ერთადერთი გოლი არ შეაგდო და “სან სიროზე” მყოფი 80 ათასი ქომაგი ჭკუიდან არ შეშალა...

შოთა არველაძე (“რეინჯერსი” – “სელტიკი” 2:1) – “მადონინასი” არ იყოს, არანაკლებ სახელგანთქმულია გლაზგოს დერბი – “ოლდ ფირმი”. დრო იყო, აღნიშნულ გიჟურ დაპირისპირებებში ორი ქართველი, ზურაბ ხიზანიშვილი და შოთა არველაძეც მონაწილეობდნენ. 2003-2004 წლების სეზონში განგებამ ისე ინება, რომ “ოლდ ფირმი” შოტლანდიის თასზეც ჩატარდა. “აიბროქსზე” “სელტიკი” კარგა ხანს იგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძლებმა გაათანბრეს და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც მთავარი სიტყვა არველაძემ თქვა. ქართველმა მე-100 წუთზე “რეინჯერების” სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით დაასრულა და ნახევარფინალში “რეინჯერსი” სწორედ ამ გოლის წყალობით გავიდა.

მიხეილ ყაველაშვილი (“მანჩესტერ სიტი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:3) – ქართველ ფეხბურთელს გოლი მანჩესტერულ დერბიშიც აქვს გატანილი. მიხეილ ყაველაშვილს 1996 წლის 6 აპრილს, “სიტის” რიგებში დებიუტი ჰქონდა და “მეინ როუდზე” “იუნაიტედის” წინააღმდეგ მოუწია თამაში. ანგარიში სტუმრებმა ერიკ კანტონას პენალტით მალევე გახსნეს და ტაიმი სრულდებოდა, ტაბლოზე 1:1 რომ დაფიქსირდა. 39-ე წუთზე ნილ ქუინის კარგი პასის შემდეგ ყაველაშვილმა ახლო მანძილიდან დალაშქრა “წითელი ეშმაკების” კარი. ის მატჩი “ქალაქელებს” რომ არ წაეგოთ, პრემიერლიგიდან არ გავარდებოდნენ და იქნებ ბევრად უკეთ წარმართულიყო როგორც ყაველაშვილის, ისე გიორგი ქინქლაძის კარიერა (აღნიშნულ შეხვედრაში “ქინქიმაც” ითამაშა. თუმცა, მაშინ “ალექს ფერგიუსონის გუნდმა რაიან გიგზის გოლით 3:2 მოიგო და ქართველების “სიტი” გავარდა...

მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი” – “სპარტაკი” 4:3) – ზემოთ ისეთ დერბებზე ვისაუბრეთ, ალბათ იტყვით მოსკოვური რა მოსატანიაო, მაგრამ დერბია, დერბია და თანაც “ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” დაპირისპირებებს თუ ეხება საქმე, მითუფრო. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ორივე შემთხვევაში ქართველ ფეხბურთელთა შედეგიანი დარტყმები უდაოდ აღსანიშნი ფაქტები აღმოჩნდა. 2007 წლის სეზონში “ლოკომოტივი” “სახალხო გუნდთან” 0:2 აგებდა, მერე 3:2 იგებდა, მაგრამ მატჩი თითქოს ფრედ, 3:3 უნდა დასრულებულიყო, როდესაც საქმეში მალხაზ ასათიანი ჩაერთო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი მცველი სტანდარტისას მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა და თავური დარტყმით დრამატული შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ჯანო ანანიძე (“სპარტაკი” – “ლოკომოტივი” 3:0) – 2009 წელს “სპარტაკის” რიგებში ქართველი ვუნდერკინდი ჯანო ანანიძე გამოჩნდა. ოქტომბრის თვეში კი, როდესაც “სახალხო გუნდის” მაისურით მეხუთე მატჩს ატარებდა, სადებიუტო გოლიც მიითვალა – მოსკოვის დერბიში. მაშინ ანანიძე 17 წლის გახლდათ და საინტერესო რეკორდიც დაამყარა: “სპარტაკის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც რუსეთის პრემიერლიგაში გაეტანა. აღნიშნული რეკორდი აგერ, 7 წლის შემდგომაც ხელუხლებელია. აღსანიშნავია, რომ ჯანომ ისტორიული გოლი თავით გაიტანა, როდესაც ბაჟენოვის ფლანგურ გადაცემას შორეულ ძელთან გამოეხმაურა.

0.119919