ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებს უბრუნდება. როგორც Sky sports-ი გვამცნობს, “სკუადრა აძურას” მთავარ მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ 26 წლის ფორვარდს მორიგი შანსი მისცეს. ისე კი, გამოცდილ სპეციალისტს ნაკრების შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.
მარიო ბალოტელის იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან მოყოლებული 33 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბალოტელიმ ბოლოს “აძურას” მაისური მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ურუგვაისთან (0:1) მატჩში მოირგო. “სუპერმარიოს” ნაკრებში გამოძახება გასაკვირი სულაც არაა – მან “ნიცაში” თამაში დიდებულად დაიწყო და ლიგა 1-ის ორ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.
იტალიის ნაკრები ოქტომბრის თვეში 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის ორ თამაშს ჩაატარებს ესპანეთისა და მაკედონიის წინააღმდეგ.