ფეხბურთი

15:23 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს ესპანური, გერმანული და ინგლისური ვარიანტები - “სპარტაკიდან” მხოლოდ ევროპაში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამბობს, რომ მწვრთნელების მხრიდან გამოცხადებულმა ნდობამ თავდაჯერება შემატა და სწორედ ამის დამსახურებაა მიმდინარე სეზონში მისი წარმატებული თამაში.

ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის სტარტზე რუსეთის პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა, ერთი გოლი მიითვალა ევროპის ლიგაზე და ერთიც მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.

ჯანომ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ავტორიტეტულ რუსულ გამოცემა “სპორტ ექსპრესთან” ინერვიუში ისაუბრა.

- სეზონი წარმატებით დაიწყეთ დმიტრი ალენიჩევის ხელმძღვანელობით და ასევე აგრძელებთ მისი წასვლის მერე. გამოდის, რომ თქვენზე მწვრთნელის ცვლილებამ არ იმოქმედა?

- ალენიჩევის ხელმძღვანელობით წინასასეზონო შეკრებაზეც ვთამაშობდი. მაშინ უკვე გუნდის სამწვრთნელო შტაბში იყო ჩვენი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მასიმო კარერა და ყველაფერს თვალს ადევნებდა. ალენიჩევი მენდობოდა, ისევე როგორც ახლა კარერა. ნდობა კი ფრთებს მასხამს და მას ყოველთვის ვამართლებ. მხედველობაში მაქვს “როსტოვიც” და “სპარტაკიც”.

- რა შეცვალა გუნდში ახალმა მწვრთნელმა?

- დიდი დრო ეთმობა თეორიას და ტაქტიკას. არ ვაკეთებთ გაუაზრებელ გადაცემებს. მწვრთნელი სწრაფ შეტევებს და ფლანგებიდან სწრაფ ჩართვებს მოითხოვს.

- კარერა ემოციურობით ქართველს გავს?

- დიახ, ძალიან ემოციურია. თუმცა ჩვენს ეს ძალიან გვეხმარება. მას ეხერხება ფეხბურთელს ზუსტად აუხსნას, რას ითხოვს მისგან.

- ალბათ მხოლოდ ემოციით და ფეხბურთელთა მოტივირებით ვერ ავხსნით “სპარტაკის” წარმატებულ თამაშს პრემიერლიგის ამ სეზონში.

- რა თქმა უნდა, მხოლოდ მოტივაციის ხარჯზე არ ვთამაშობთ. ვინმეს მოტივირება მეც შემიძლია, მაგრამ ამით უკეთ ვერავინ ითამაშებს. საქმე ისაა, რომ კარერა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ანტონიო კონტესთან და დიდი გამოცდილება დააგროვა. ტაქტიკურად ყველაფერს კარგად გვიხსნის - როგორ ვიმოძრავოთ ბურთით თუ უბურთოდ, სად გადავვადგილდეთ. ამას ემატება განწყობაც.

- მას თუ უთხარით, რომ “როსტოვის” ყოფილი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი “პატარა პირლოს” გეძახდათ?

- არ დაიჯერებთ, კარერამ თვითონ მითხრა, პირლოს გავხარ მანერებით და პასებითო. თუმცა პირლომდე ბევრი მიკლია! რაც შეეხება კარერას, თეორიების დროს ზოგჯერ მგონია, რომ იტალიურად ყველაფერი მესმის.

- რომელ იტალიურ სიტყვას იყენებს ის ყველაზე ხშირად?

- Veloce - ანუ სწრაფად. სწრაფად შევუტიოთ, სწრაფად მივიტანოთ ბურთი შეტევამდე. ერთი სიტყვით, ის სწრაფად თამაშს ითხოვს.

- ხშირად ამბობენ, რომ ჯანო ტრავმებისადმია მიდრეკილი. მართლაც ასეა?

- ნამდვილად არაა ასე. მენისკის პრობლემა ყველა ფეხბურთელს ჰქონია. ცოტა ხნის წინ კი ტერფზე დამჭირდა ოპერაცია. სულ ესაა! არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თითქმის ყოველ წელს ოპერაციის გაკეთება უწევთ და მათზე არაფერს ამბობენ. ჩემს შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ ერთ მატჩში რომ დამაყენებდნენ შემადგენლობაში, მერე სამი-ოთხი თამაშის გამოტოვება მიწევდა. გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ტრავმა იყო, თუმცა მე უბრალოდ სათადარიგოთა სკამზე მსვამდნენ და არ მათამაშებდნენ. სულაც არ ვარ ტრავმებისადმი მიდრეკილი, ამას მიმდინარე სეზონიც ამტკიცებს.

- “როსტოვი” ახსენეთ. იქ გენდობოდნენ და შესანიშნავი სეზონი ჩაატარეთ. გამოდის, რომ ყველაფერი მწვრთნელის ნდობაზეა დამოკიდებული?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ვგრძნობ. შეუძლებელია 30 მატჩი ჩაატარო ერთ დონეზე, სადე მცირე ჩავარდნა იქნება. უბრალოდ, როცა გცვლიან და მერე 2-3 მატჩს გამოგატოვებინებენ, ეს უდიდესი დარტყმაა. ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს. შეცდომებსაც ვუშვებ, მაგრამ მენდობიან და შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას მაძლევენ.

- რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია ამ სეზონში?

- თამაში, გამარჯვება, გოლების გატანა. ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც “როსტოვში” იჯარის დროს. თუმცა არა, ეს უფრო ძლიერი გრძნობაა, რადგან “სპარტაკში” ხდება.

- იყო შეხედულება, რომ ჯანომ ზრდა შეწყვიტა...

- სრული სისულელეა! უბრალოდ, ადრე ასე არ მენდობოდნენ, როგორც ახლა კარერა მენდობა. ჩემი შესაძლებლობების სრულყოფისკენ ყოველთვის ვისწაფოდი და მიღწეულზე არასდროს გავჩერებულვარ.

- “სპარტაკთან” კონტრაქტი მომავალი წლის მაისში გეწურებათ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- გულახდილად რომ გითხრათ, ყოველდღიურად მირეკავენ და მესაუბრებიან ვარიანტებზე ევროპიდან და რუსული კლუბებიდანაც, თუმცა მე პაუზა ავიღე.

- რა პრიორიტეტი გაქვთ?

- “სპარტაკი” ჩემი სახლია და დარჩენა მინდა, მაგრამ კონტრაქტის გაგრძელებაზე შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. დიდი ხანია ამ გუნდში ვარ და არაერთხელ მითქვამს, თუ წასვლა მომიწევს, პრიორიტეტი ევროპაა. ყველამ იცის, რომ კონტრაქტი მიმთავრება და მის დასრულებამდე ნახევარი წლით ადრე მოლაპარაკებების წარმოება შემიძლია, ამიტომაც მირეკავენ.

- თუ საიდუმლო არ არის, საიდან გირეკავენ?

- არის რუსული ვარიანტებიც და ევროპულიც. ესპანეთი, გერმანია, ინგლისი...

- თქვენი აზრით, “სპარტაკმა” აქამდე რატომ არ შემოგთავაზათ ახალი ხელშეკრულება?

- არვიცი, შესაძლოა ელოდებოდნენ, რომ ასე ავთამაშდებოდი. ვცდილობ მაქსიმუმი ვაჩვენო და ეს გამომდის. პირველ ადგილზე ვართ, ძლიერი გუნდი და კარგი მწვრთნელი გვყავს. ახლა წასვლაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.

- მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი გაიტანეთ “სპარტაკის” შემადგენლობაში, ერთი საქართველოს ნაკრებში და თითქმის ყველა გოლი მატჩის მშვენება იყო. საერთოდ იცით როგორ უნდა გაიტანოთ გოლი, რომელიც ლამაზი არ იქნება?

- მეგობრებიც ამას მეკითხებიან (იცინის). მთავარია, როგორც ლეგენდარული პელე ამბობს, შენი დარტყმის შემდეგ ბურთმა მეტოქის კარის ხაზი გადაკვეთოს.

- ამ სეზონში თქვენი გოლებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

- ბოლო, ორგენბურგში გატანილი. როცა ბურთი ჰაერშია, ძნელია სათანადოდ მიუდგე. აქ კი ბურთი ჩემი დარტყმის მერე ხარიხის გავლით ლამაზად ჩაეშვა კარში.

0.133357