საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ორი ფავორიტის: კახეთის და თბილისის გუნდების დაპირისპირება.
აღსანიშნავია, რომ წინასატურნირო რეიტინგ-სიით ფავორიტად კახელები მოიაზრებოდნენ. პირველ დაფაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ლევან ფანცულაიამ და მიხეილ მჭედლიშვილმა სამჯერ გამეორებით დებიუტშივე ფრე დააფიქსირეს. ლიდერებს მიბაძეს ჭაბუკთა დაფაზე მოთამაშე გიორგი სიბაშვილმა და გაგა ბერაძემ.
აი, დანარჩენ დაფებზე კი უშეღევათო ბრძოლა გაიმართა. შავი ფიგურებით რთული პოზიციაში კარგად დაიცვა თავი ლაშა ჯანჯღავამ მერაბ გაგუნაშვილთან დაპირისპირებაში. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის ზურაბ სტურუამ მისთვის დამახასიათებელ აკადემიურ სტილში შავი ფიგურებით ყოფილი შეგირდი ლელა ჯავახიშვილი გადაითამაშა.
მარიამ ჭოლაძემ პრაქტიკულად უბრძოლველად ჩააბარა ქულა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნატალია ბუქსას, ხოლო სოფო გვეტაძემ ტექნიკურად გამართულად დაამარცხა შავი ფიგურებით ბელა ხოტენაშვილი.
იოლად გაისეირნა აჭარის გუნდმა შიდა ქართლთან შეხვედრაში ანგარიშით: 5.5-0.5! ნახევარი ქულა 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს ციალა ქასოშვილმა “გამოგლიჯა” სალომე მელიასთან პარტიაში.
პრაქტიკულად “მშრალი” ანგარიშით (5:1) დაამარცხა ქვემო ქართლის “რუსთავმა” იმერელთა “ქუთაისი”. ამ მატჩში ყაიმამდე იბრძოლეს: ნოე თუთისანმა – თაზო გელაშვილთან და ნინო ჯალაღონიამ – ანა შამათავასთან.
შედარებითი წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს, მოქმედ ჩემპიონ სამეგრელოს კლუბს რაჭის ახალგაზრდულმა გუნდმა. პირველ დაფაზე მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ნიკა ვოლკოვმა (რეიტინგი 2102) – ვაჰე ბაღდასარიანთან (2492) დაპირისპირებაში! ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ანა გავაშელმა – მაია ლომინეიშვილთან და ნიკოლოზ პეტრიაშვილმა – გიგა ყუფარაძესთან.
ამრიგად, ორი სათამაშო დღის შემდეგ, ლაგოდეხში მიმდინარე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში სამი ლიდერი გამოიკვეთა: “რუსთავი”, “ნონა” და “თბილისი”.
მომდევნო ტურში ორი დაძაბული და ლიდერობისთვის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. “თბილისი” რეიტინგით მასზე მაღალ “შიდა ქართლს” გაეჯიბრება, ხოლო “აჭარა” “სამეგრელოსთან” მოსინჯავს ძალებს.