2017 წელს ხელბურთელთა ოთხი ასაკობრივი ნაკრები ითამაშებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. 17 და 19-წლამდელ გოგონებს ევროპის ჩემპიონატი უწევთ, ხოლო 19 და 21-წლამდელ ჭაბუკებს - მსოფლიოსი. 17-წლამდელ გოგონათა მეტოქეები უკვე ცნობილია.
EHF ასაკობრივი ჩემპიონატების ახალ სტრუქტურაზე გადადის და 2017 წლიდან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება - საკვალიფიკაციო ტურნირის გარეშე. რეიტინგის 16 საუკეთესო გუნდი 10-20 აგვისტოს ფინალურ ტურნირს გამართავს სლოვაკეთში, ხოლო დანარჩენი 20 ნაკრები 14-20 აგვისტოს ითამაშებს ლიტვასა და მაკედონიაში, მეორე დონის ტურნირზე. ამ ორი შეჯიბრების გამარჯვებული 2019 წლის 19-წლამდელთა ევროზე უძლიერეს 16 გუნდს შორის თამაშის უფლებას მოიპოვებს სლოვაკეთში ბოლო ორ ადგილზე დარჩენილთა ნაცვლად.
ლიტვასა და მაკედონიას მასპინძლობა წილისყრით ერგოთ, ხოლო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მოხვდა ლიტვის ტურნირში, პორტუგალიასთან, უკრაინასთან, ლიტვასთან, ბელარუსთან, თურქეთთან, ფინეთთან, იტალიასთან, ლატვიასთან და ბრიტანეთთან ერთად. 26 სექტემბერს ვენაში გაიმართება წილისყრა, რომელიც ამ 10 გუნდს ორ ჯგუფად გაანაწილებს. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ პირდაპირ ფინალებია, სადაც ერთმანეთს ჯგუფებში ერთსა და იმავე ადგილებზე გასული გუნდები შეხვდებიან.
17-წლამდელ გოგონათა ნაკრებში სელექცია უკვე ჩატარებულია და 2000 წლის შემდეგ დაბადებული კანდიდატები შერჩეულია, უახლოეს ხანში დაინიშნება მწვრთნელთა სტაფი, ხოლო ამ ასაკის რამდენიმე გოგონა კარგა ხანია, უფროს ასაკობრივ ნაკრებში ვარჯიშობს.
19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი ბოლოჯერ ტარდება ძველი ფორმატით. 17-19 მარტს საკვალიფიკაციო შეჯიბრებებია, ხოლო ფინალი - 27 ივლისიდან 6 აგვისტომდე სლოვენიაში გაიმართება. 11 ან 12 ოქტომბერს ვენაში შესარჩევი ტურნირის წილისყრაა. ამ ასაკის საქართველოს გოგონათა ნაკრებს გიორგი გვაზავა წვრთნის და გუნდს უკვე საკმაო საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
19 -წლამდელ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი 8-21 აგვისტოს გაიმართება საქართველოში და ჩვენი გუნდი, როგორც მასპინძელი, იქ შერჩევის გარეშე ითამაშებს. უკვე ცნობილია ამ ტურნირის მონაწილე 12 ევროპული გუნდი, ისინი 18-წლამდელთა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე შეირჩა. დანარჩენი 12 მონაწილის ვინაობაც მალე გაირკვევა ხოლო ნოემბერში საქართველოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია ეწვევა არენების ინსპექტირებისა და კონტრაქტზე ხელის მოსაწერად.
და ბოლოს, 21-წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც უკვე ვარჯიშობს ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. ამ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს 6-8 იანვარს, წილისყრა 27 სექტემბერსაა, ხოლო ფონალური ტურნირი - 17-30 ივლისს, ალჟირში. საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს 1998-99 წლებში დაბადებული ჭაბუკები შეადგენენ და მათ ემატება 1996-97 წლებში დაბადებული რამდენიმე მოთამაშე. შესარჩევ ტურნირამდე გუნდს ერთი საერთაშორისო შეჯიბრება ექნება, 8-13 ნოემბერს, ქუთაისში. ესაა IHF მსოფლიო თასი განვითარებად ქვეყნებს შორის 20-წლამდელებში. ქუთაისის ტურნირის შემადგენლობა მალე დაზუსტდება, ხოლო შეჯიბრების გამარჯვებული 2017 წლის საკონტინენტთაშორისო ფინალის საგზურს მიიღებს.
ხელბურთი. ქალები 17წ, ევროპის ჩემპიონატი 2017.
უძლიერესი 16, 10-20 აგვისტო, სლოვაკეთი: რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი
ჩემპიონატი ლიტვაში, 14-20 აგვისტო: პორტუგალია, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი, თურქეთი, ფინეთი, იტალია, ლატვია, ბრიტანეთი, საქართველო
ჩემპიონატი მაკედონიაში, 14-20 აგვისტო: სლოვენია, პოლონეთი, მაკედონია ბულგარეთი, ისლანდია, შვეიცარია, საბერძნეთი, ისრელი, ფარერები, კოსოვო
ქალები 19წ, ევროპის ჩემპიონატი 2017. 27 ივლისი - 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია.საკვალიფიკაციო ტურნირები - 17-19 მარტს, წილისყრა - 11/12 ოქტომბერს (პირდაპირ ფინალში მოხვდნენ დანია და რუსეთი).
კაცები 19წ, მსოფლიო ჩემპიონატი 2017. 8-21 აგვისტო, საქართველო. მონაწილეები ევროპიდან: საქართველო (მასპინძელი), საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი (სარეზერვოები: ნორვეგია, პოლონეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი)
კაცები 21წ, მსოფლიო ჩემპიონატი 2017. 17-30 ივლისი, ალჟირი. კვალიფიკაცია - 6-8 იანვარს, წილისყრა - 27 სექტემბერს.