საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებული მატჩების გამოვლენისა და აღკვეთის ფარგლებში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომელიც 20-21 სექტემბერს სტრასბურგში ჩატარდა.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, კონფერენციაში მონაწილეობდა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის უფროსი ვახტანგ ბზიკაძე, რომელმაც კონფერენციის პარალელურად ინდივიდუალური შეხვედრები გამართა უეფას სადისციპლინო და სპორტული სამართლიანობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ემილიო გარსიასთან და უეფას პარტნიორი ორგანიზაციის, სპორტრადარის მმართველ დირექტორთან ანდრიას კრანიხთან.
ინდივიდუალურ შეხვედრაზე ვახტანგ ბზიკაძემ ემილიო გარსიასგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო 8 სექტემბერს გამართულ მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" დაპირისპირებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მატჩის ამსახველი ვიდეო-მასალა გადასცა.
ევროსაბჭოს კონფერენცია ევროპული კონვენციის რატიფიცირებისთვის მზადების სირთულეებს ეხებოდა. სპორტული შეჯიბრებებისას მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციას 2014 წელს შვეიცარიის ქალაქ მაკოლინში მოეწერა ხელი და მასში 48 ქვეყანა, მათ შორის სამი არაევროპულია გაერთიანებული.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის და შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.