“საუკეთესო მოწინააღმდეგე ჩემს კარიერაში? – რონალდო, ფენომენი! რატომ? – იმიტომ, რომ იგი ჩემი იდეალია, იმიტომ, რომ სრულყოფილი ფეხბურთელია და არმგონია, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში არსებობდეს”, - ეს გენიალური ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებია და თავისთავად, როდესაც ქედმაღალი და “ღმერთად” წოდებული იბრა ასეთ სიტყვებს სხვას უძღვნის, ის მართლაც განსაკუთრებულად მაგარია...
ჩემს ბავშვობაში ეზოში ბურთი გორებას რომ დავიწყებდით, უმეტესობას პირზე ერთი სახელი გვეკერა და ყველა ის ერთადერთი ვიყავით – მნიშვნელობა არ ჰქონდა, გოლს გავიტანდით, პასს გავაკეთებდით თუ უბრალოდ ბურთს შევეხებოდით – მთავარი იყო, გვეთქვა: რონალდო!
ლუის ნაზარიო დე ლიმა 1976 წელის 22 სექტემბერს მოევლინა ქვეყანას და მაშინ ფეხბურთს ფესვები კარგ გადგმული ჰქონდა, პელეც მოსწრებულიყო და იოჰან კრუიფიც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ფეხბურთი სპეციალურად რონალდოსთვის რომ გამოგონილიყო, არაფერი დაშავდებოდა, პირიქით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ პატარა წერილს კითხულობს, თვალწინ გადაუვლის ყველა ის ეპიზოდი, რომელიც ბრაზილიელ გენიოსთან ასოცირდებოდა. მისთვის არ არსებობდა დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავდა, მისთვის ყველაფერი შესაძლებელი გახლდათ, როდესაც ბურთს მიიღებდა.
ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი – ერთი 18 წლის ასაკში, მეორე მისი პირადი დამსახურებით 2002 წელს აზიაში. სხვათა შორის, “ფენომენი” იმ იშვიათთაგანია, რომელსაც უთამაშია მილანის “ინტერსა” და “მილანში”, “ბარსელონასა” და “რეალში”, მიუხედავად ამისა, ვერ ნახავთ ამ გუნდთა გულშემატკივარს, ვისაც რონალდოზე ენა ცუდად მოუბრუნდება და ესეც განსაკუთრებული ნიჭია. მხოლოდ მას შეეძლო უმძიმესი ტრავმის გამო თითქმის ორი წელი ბურთის გარეშე გაეტარებინა, მერე მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულიყო და იქ მეტოქეებისგან ქვა ქვაზე არ დაეტოვებინა.
ახლა, ახალ თაობაში ყველა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის სიდიადეზე საუბრობს, მაგრამ ჩემთვის პირადად ისე ნამდვილი რონალდო ორივეზე მაღლა იდგა, დგას და იდგება – არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ბრაზილიელის მოედანზე ყურებას სხვა ხიბლი ჰქონდა – ვგონებ, იგი სხვებს საერთოდ არ გავდა. მეტიც, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მას ბევრად დიდი ფეხბურთელების გარემოცვასა და კონკურენციაში მოუწია თამაში, ვიდრე ამჟამადაა და ეს მის მიღწევებს უფრო აფასებს.
იმის თქმა საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია, რომ მისი ეპოქის უდიდეს მცველებს მასთან თამაში აშინებდათ, უბრალოდ ორ მაგალითს გეტყვით, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს: პაოლო მალდინი და ფაბიო კანავარო (თავისი პოზიციის “რონალდოები”) კითხვაზე, თუ ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში, ერთ სახელს ამბობდნენ – რონალდო.
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რონალდო შესაშურად გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, თან უმძიმესი ტრავმა – ბრაზილიის ნაკრებმა 7-დან შვიდივე თამაში მოიგო, რონალდომ კი მეტოქეთა კარი რვაჯერ აიღო! ტურნირის დასრულებას “ფენომენი” მაშინ ასე იხსნიებდა:
“როგორც ადრე ვთქვი, ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ფეხბურთის თამაშის გაგრძელება იყო, გოლების თავიდან გატანა – ეს გამარჯვება, ჩვენი მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონობა კი, მთელი გუნდის დამსახურება” – ეს სიტყვები მის თავმდაბალ ხასიათზეც მიანიშნებს, როცა სამხრეთამერიკელთა გაჩემპიონებაში თავის თავსზე მეტად, თანაგუნდელების წვლილი დაინახა.
რონალდომ იმ ჩემპიონატზე მოულოდნელად, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ვერ მიიღო, მაგრამ წლის ბოლოს “ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთსაც” დაეპატრონა და ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. საერთოდ, იგი ფიფამ პირველ ნომრად სამჯერ აღიარა, ხოლო “ოქროს ბურთი” ორჯერ მოიგო. მე პირადად კი, ვფიქრობ, რომ დღევანდელობაში რომ ეთამაშა “ფენომენს”, ორზე გაცილებით მეტი “ოქროს ბურთი” ექნებოდა, უბრალოდ მაშინ სხვებიც ბრწყინავდნენ და მარტივად არაფერი მიიღწეოდა...
თუმცა, ეს მას არც არაფერს აკლებს, არც ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება აკნინებს, რადგან შეუძლებელია დაკნინდეს ფეხბურთელი, რომელსაც მეტსახელად “ფენომენი” შეარქვეს – ეს, განსაკუთრებულთა ხვედრია და ლუის ნაზარიო დე ლიმა მართლაც ასეთი იყო. როგორც მისმა გენიალურმა თანამემამულე კაფუმ თქვა, იგი ნამდვილად ფენომენი იყო:
“პირველად, როდესაც მისი თამაში ვნახე ჯერ კიდევ “კრუზეიროში” იყო, პატარა ბავშვი. ეს იყო თამაში, რომელშიც მან ხუთი გოლი გაიტანა. ამ მომენტიდან იგი ჩამოყალიბდა, როგორც ნამდვილი ფენომენი”, - ამბობს კაფუ.
ჰოდა, ჩემი აზრით, ფეხბურთი ფენომენალური თამაშია, რომელსაც ფენომენები ამშვენებენ, თუმცა ფეხბურთს ბევრი ფენომენი ვერ ეყოლება, ერთი ვიცით – ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო. ადამიანი, რომლის გამოც ღირდა XIX საუკუნეში ინგლისელებს ბურთის ფეხით თამაში მოეგონათ...