1976 წლის 22 სექტემბერს დაიბადა რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა). მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბელუ ორიზონტეს ”კრუზეიროს”, ჰოლანდიური პსვ-ს, ”ბარსელონას”, მილანის ”ინტერის,” მადრიდის ”რეალის”, “მილანის” და “კორინთიანსის” ფორვარდი. ”კრუზეიროში” გამოსვლის პირველივე სეზონში 60 მატჩში გაიტანა 58 გოლი. 17 წლის რონალდო ბრაზილიის ნაკრებში მიიწვიეს. 1994 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1998 წლის მუნდიალზე დაასახელეს გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ. იმავე ჩემპიონატზე იასპარეზა ფინალურ მატჩში. რონალდო 2002 წელს კორეა-იაპონიის მუნდიალზე ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა 8 გატანილი გოლით. ამასთან, რონალდომ ფინალში გერმანიასთან ორი ბურთის გატანა მოახერხა. 1997 წელს მოიპოვა კონფედერაციათა თასი. 1997 და 1999 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 62 გოლი. “ბარსელონაში” გამოსვლისას მოიგო თასების თასი (1997), ხოლო “ინტერის” შემადგენლობაში დაეუფლა უეფას თასს (1998). რონალდოს ორჯერ მოგებული აქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (“რეალის” შემადგენლობაში). ორჯერ მოგებული აქვს ესპანეთის თასი (“ბარსელონას” და “რეალის” რიგებში), ჰოლანდიის თასი. 2009 წელს მოიგო პაულისტას შტატის ჩემპიონობა და ბრაზილიის თასი. 1996, 1997 და 2002 წლებში ფიფას მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ. 1997 და 2002 წელს ”ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად ევროპის უძლიერეს მოთამაშედ ცნეს.