22 სექტემბერს, ლაგოდეხში სტარტს აიღებს საქართველოს საკლუბო პირველობა ჭადრაკში. ჩემპიონატში ქვეყნის 8 რეგიონის გუნდი მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით 7 ტურად იმართება შემდეგი დროის კონტროლით: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 6 მონაწილით. I, II, III დაფა – მამაკაცთა; IV დაფა – ქალთა; V დაფა – 20 წლამდე ჭაბუკი; VI დაფა – 20 წლამდე გოგონა (დაბადებულნი 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ). თითოეულ გუნდში დაიშვება უცხო ქვეყნის მხოლოდ 2 მოქალაქე.
გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით. მოგება განისაზღვრება – 2 ქულით, წაგება – 0 ქულით, ფრე – 1 ქულით.
თაი-ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ქულათა საერთო ჯამის მიხედვით; ერთმანეთს შორის მატჩით; ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 15 000 ლარს, მეორე ადგილზე გასული 10 000 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარს.
ტექნიკურ შეხვედრაზე გამართულ კენჭისყრაზე მონაწილე გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ:
- იმერეთი – “ქუთაისი”
- ქვემო ქართლი – “რუსთავი”
- რაჭა-ლეჩხუმი “ამბროლაური”
- აჭარა “ნონა”
- კახეთი – “კახეთი”
- შიდა ქართლი – “გორი”
- სამეგრელი-ზემო სვანეთი – “სამეგრელო”
- თბილისი – “თბილისი”
თამაშები ყოველდღე 15:00 საათზე დაიწყება, გამონაკლისს მხოლოდ 24 და 28 ოქტომბერი შეადგენს. ამ დღეებში ტური 11:00 საათზე აიღებს სტარტს.