სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

15:23 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორჯონიკიძის დებიუტი, ჩიქოვანის 29 გოლი და თევზაძის ბენეფისი

საკლუბო სეზონი ევროპაში ოთხმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო. ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 20 წლის თემურ ორჯონიკიძე სტუ-დან მაკედონიის პრილეპში გადავიდა, იქვე, პელისტერში თამაშობს რევაზ ჭანტურია, ხოლო რუმინეთის ეროვნულ ლიგაში თამაშობენ რეშიცას მეკარე შოთა თევზაძე და ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც წლეულს კლუბი შეიცვალა და ტიმიშოარიდან დუნარეა კელერაშიში გადავიდა.

რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ტურში კელერაში სწორედ ტიმიშოარას შეხვდა და სტუმრად 25-24 დაამარცხა, ხოლო ქართველმა შუამარბმა ყოფილ კლუბს 10 გოლი გაუტანა. იქამდე კელერაშიმ შინ წააგო CSM ბუკურეშტისთან 28-34 (ჩიქოვანი - 7 გოლი), მესამე ტურში შინ დაამარცხა დებიუტანტი ფეგერაში 32-24 (9 გოლი), მეოთხეში კი სტუმრად წააგო რეშიცასთან - 17-27. ჩიქოვანმა სულ სამი გოლი იკმარა, რადგანაც ეს იყო შოთა თევზაძის საბენეფისო თამაში, რომლის შემდეგაც რეშიცას ქართველი მეკარე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

რეშიცამ ამას გარდა შინ დაამარცხა სუჩავა 26-24, შინ წააგო ოდორჰეისთან 25-26 და სტუმრად დამარცხდა დობროჯიასთან - 22-30. 4 ტურის შემდეგ რეშიცასაც და კელერაშისაც 2-2 მოგება და 6-6 ქულა აქვთ სატურნირო ცხრილის შუაგულში არიან, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი ბომბარდირთა სიაში 29 გოლით მეორე ადგილზეა ბუკურეშტის ფრანგის, გიიომ სორინას შემდეგ (31 გოლი). პლეიოფში ორწრიანი ტურნირის შემდეგ 8 გუნდი გადის.

მაკედონიის ჩემპიონატის პირველ ეტაპს 10 გუნდი თამაშობს. 18-18 მატჩის შემდეგ 4 უძლიერესი გადის ფინალურ ექვსეულში, სადაც სკოპიეს ვარდართან და მეტალურგთან ერთად ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს. ქართველების ორივე კლუბი ამ მიზნისთვის იბრძვის და პირველ ტურში ორივემ მოიგო. რევაზ ჭანტურიას პელისტერმა შინ მოუგო რაბოტნიკს - 24-21, ხოლო ვეტერანმა ქართველმა გარემარბმა 3 გოლი გაიტანა.

სადებიუტო თამაშში თემურ ორჯონიკიძემ 6 გოლი გაუტანა ვარდარის ახალგაზრდულ გუნდს და პრილეპს შინ გამარჯვებაში დაეხმარა - 31-24. პრილეპმა ორჯონიკიძე სეზონის წინ დიდი იმედებით აიყვანა. მაკედონიაში თამაში ახალგაზრდა ქართველისთვის კარგი ტრამპლინი უნდა იყოს მომავალ კარიერაში.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121562