6 ოქტომბერს დუბლინში ირლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრებისა არ იყოს, მარტინ ონილის გუნდშიც არის საკადრო პრობლემები. ოქტომბრის შეხვედრაში სამი ნახევარმცველის თამაში საეჭვოა: რობი ბრეიდის, ჯეიმს მაკარტისა და დარენ გიბსონის.
ყველაზე უფრო ბრეიდის ფაქტორია აღსანიშნავი, რადგან ეს ფეხბურთელი ბოლო ერთ წელიწადში ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. "ნორვიჩის" ნახევარმცველის დიდი დამსახურებაა, ირლანდია გასულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან რომ გავიდა. სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი იტალიასთან.
ბრეიდის ტრავმა გაუმიზეზდა. მოირჩინა, კლუბს დაუბრუნდა, მაგრამ ისევ შეექმნა პრობლემები. ისე, მაკარტი და გიბსონიც (ორივე "ევერტონში" გამოდის) საკმაო ძალას წარმოადგენენ ნაკრებისთვის.