საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ძირითად ბადეში ითამაშებს.
ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში 2 რაუნდი გაიარა. უფრო სწორად, მან პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ უგო შოტს 6:1, 6:1 სძლია, მეორეში კი კიდევ ერთი მასპინძელი კონსტანტ ლესტიენე (მე-7 განთესვა) მასთან სათამაშოდ არ გამოცხადდა.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი გრეგუარ ბარერე იქნება, რომელმაც ასევე კვალიფიკაციის დაძლევა შესძლო.
ისიც ვთქვათ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილს 106-ე ადგილი უკავია, ბარერე კი 202-ე პოზიციაზეა.