კალათბურთი

18:17 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი და საქართველო: წარსული, აწმყო და მომავალი

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მიჯრით მეოთხედ საქართველოს ნაკრების გარეშე არ ჩაივლის. ილიას ზუროსის გუნდმა როგორც მოგეხსენებათ, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ევრობასკეტ 2017-ზე გაღწევა შესძლო, თან პირველი ადგილით.

ჯერჯერობით უცნობია ჩვენი ნაკრების მეტოქეები, თუმცა გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრა 22 ნოემბერს, სტამბულში გაიმართება. უშუალოდ ფინალურ ეტაპს რაც შეეხება – 2017 წლის 31 აგვისტოს დაიწყება, 9 სექტემბერს უკვე ჯერი პლეი-ოფებზე მისდგება, ხოლო ფინალური შეხვედრა 17 სექტემბერსაა ჩანიშნული. აქვე გეტყვით, რომ ევრობასკეტ 2017-ს ერთბაშად ოთხი ქვეყანა, რუმინეთი, თურქეთი, ისრაელი და ფინეთი უმასპინძლებენ. შესაბამისად, ამ ქვეყნებს ფინალური ეტაპის საგზური ისედაც განაღდებული ჰქონდათ.

ასეთივე სიტუაციაში იმყოფებოდა კიდევ ცხრა ნაკრები, რომლებმაც საგზური ევრობასკეტ 2015-დან ავტომატურად მიიღეს: ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, იტალია და სერბეთი.

დაანარჩენი 11 მონაწილე კი საკვალიფკაციო ეტაპმა გამოვლინა, რომელიც გუშინ დასრულდა. ევრობასკეტ 2017-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებთან ერთად ბელგიამ, რუსეთმა, სლოვენიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა მოიპოვეს პირველი ადგილით, ხოლო ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსნებში მონტენეგრო, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა მოხვდნენ. შესაბამისად, სწორედ ზემოჩამოთვლილი 24 ნაკრები ითამაშებს ევრობასკეტ 2017-ის ფინალურ ეტაპზე.

ახლა კი გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი წერილის მთავარ თემაზე და საქართველოს ნაკრების შანსი შევაფასოთ: თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა, უცნობია თუ რომელ ჯგუფში ვითამაშებთ და რომელი გუნდები იქნებიან ჩვენი კონკურენტები, მაგრამ ამთავითვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ზედიზედ მეორედ პლეი-ოფში გასვლა ძალზე რეალურია.

ბირთვი

საკვალიფკაციო ეტაპმა ძირითადად 7-8 კალათბურთელზე გადაიარა, რაც სიმართლე ვთქვათ და მთლად კარგი არაა. გრძელი და კარგი სკამი კალათბურთი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მხრივ აშკარად მოვიკოჭლებთ. მაგალითისთვის, მონტენეგროსთან ბოლო მატჩში მოპოვებული 90 ქულიდან, 77 ქულა ოთხმა კალათბურთელმა მოგვიპოვა (დიქსონი, ფაჩულია, სანიკიძე, ცინცაძე). აღვნიშნოთ, რომ გვაკლდა მთავარი ბომბარდირი თორნიკე შენგელია, ხოლო შესარჩევში საერთოდ ვერ დაგვეხმარა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ტრავმას მკურნალობს და როგორც WORLDSPORT.GE-სთან ინტერვიუში ოთხი დღის წინ განაცხადა, მიმდინარე წელს პარკეტზე ვერ გავა. თუმცა, იმედოვნებს, რომ 2017 წლის შემოდგომისთვის ფორმაში შესვლას მოასწრებს, რაც ერთი-ორად გაზრდის ჩვენი ნაკრების პოტენციალს. “მანუ” ფასდაუდებელი მოთამაშე რომ გახლავთ, კარგად გამოჩნდა. და თუ ისე მოხდა, რომ ტრავმების გამო ვინმე არ გამოგკვალდა, ილიას ზუროსის განკარგულებაში 8-9 ისეთი კალათბურთელი მოიყრის თავს, რომელზეც დაყრდნობა თავისუფლად შეეძლება: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, მაიკლ დიქსონი, გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი... თქვენი არ ვიცი და პირადად ჩემი აზრით, იმის დიდი ფუფუნება არ გვაქვს, ნიკოლოზ ცქიტიშვილი საერთოდ დავივიწყოთ და ნაკრებს არ გავაკაროთ. რატომ? – კი, შესაძლოა, “სკიტას” საუკეთესო წლებმა ჩაიარა, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მისი მთავარი პლიუსია. ძალუძს როგორც ფარქვეშ მაღალ დონეზე თამაში, ისე შესაშურად კარგია პერიმეტრის ხაზზე. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ზუროსმა მასს შანსი უნდა მისცეს – არმგონია, ნიკამ პარკეტზე 4-5 წუთი რამე გააფუჭოს, ეს კი, სკამის კიდევ უფრო გაზრდას და დაბალანსებას გამოიწვევს. თანაც, კარგად გამოჩნდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე მოთამაშეს შანსი არ მიეცათ ან თუ მიეცათ, თავი არც ისე კარგად წარმოაჩინეს. ნაკრების კარგი თამაში დიდწილად დამოკიდებული იქნება ზაზა ფაჩულიაზე და ამაში ახალი არაფერია. სხვათა შორის, ზაზა ნაკრებში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებსა და გადამწყვეტ მომენტებში როგორც წესი შეუდარებელია და ცალსახაა, რომ უდიდესი კალათბურთელია. მეტიც, ევროპაში მისი დარი ცენტრი ერთ-ორი თუ მოიძებნება. “გოლდენ სტეიტში” თამაში კი, მას კიდევ უფრო დახვეწს და მეტ თავდაჯერებულობას შემატებს. მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ ისეთ ფორმაში შეხვდეს ევრობასკეტს, როგორც ახლა იყო გიორგი ცინცძე. “ბუ” დამდეგ სეზონს საქართველოს ჩემპიონატში, კერძოდ, “ქუთაისში” გაატარებს და იმედია, ფორმაში იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დუდა სანაძემ თავისი კოზირი, სამქულიანები კარგად ესროლოს. საკვალიფიკაციო ტურნირზე დუდა ამ მხრივ ვერ გამოირჩა, მაგრამ მისი შესაძლებლობები კარგად მოგვეხსენება. გუნდი მანაც შეიცვალა და ამერიკული კოლეჯიდან სლოვენიის ჩემპიონატში გადაბრაგდა. სხვათა შორის, ბევრის აზრით, ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლი სამიანებში დაბალშედეგიანიანობაა, მაგრამ მონტენეგროსთან შეხვედრაში 50%-ის სიზუსტით ვესროდით. 10-დან 7 სამქულიანი მაიკლ დიქსონმა ჩააგდო, თითოჯერ სანიკიძემ, სანაძემ და ცინცაძემ უწიეს მიზანს. ამას თუ მარკოიშვილისა და ცქიტიშვილის მაჯასაც დავუმატებთ, ვფიქრობ, არც ამ მხრივ გვაქვს ურიგოდ საქმე. მთავარია, როგორ წაგვივა სტყორცნები კონკრეტულ თამაშში, თორემ შემსრულებლები ნამდვილად გვყავს... მოკლედ, შემადგენლობის მხრივ არაფერი დაგვეწუნება. ბოლო-ბოლო ეს, ის ბიჭები არიან, რომლებმაც ზედიზედ მეოთხე ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს და რომლებიც ერთმანეთს თვალდახუჭული იცნობენ. გამოცდილებაც ახლა უფრო მეტი აქვთ, ვიდრე წინა წლებში. მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც თავისი საქმის უბადლო მცოდნეა. სხვათა შორის, ბერძენი სპეციალისტი სლოვენიასთან მატჩის მერე ფინალურ ეტაპზე მაქსიმალურ კონცენტრაციას დაგვპირდა. როგორც მაშინ ზუროსმა თქვა, ბევრი შეცდომები იმით იყო გამოწვეული, რომ ბიჭებს მაყურებელზე თამაში სურდათ, რაც კარგიაო, მაგრამ ეს შეცდომებს იწვევს და ამიტომ ევრობასკეტზე, მეტი კონცენტრირება გვმართებსო...

მოგეხსენებათ, ხშირად ნახავდით ჩვენი კალათბურთელებისგან ბურთის უწყინარ სიტუაციაში დაკარგვას, ან შეტევაში თითქმის გარანტირებული ქულების ნაცვლად, ეფექტურობაზე გაკეთებულ აქცენტს და უქულოდ დარჩენას. იმავე სლოვაკეთთან მატჩში მაიკლ დიქსონს ჰქონდა ზუსტად ასეთი ეპიზოდი, როცა კალათთან მარტო დარჩენილს ეფექტურად ჩატენვა სურდა, მაგრამ ტექნიკური წუნი მოუვიდა და ზუსტად იმ მომენტში ზუროსმა პარკეტზე შევარდნა დააპირა, რომ არა მისი ასისტენტი... კარგი იქნება, თუ მართლაც მეტ ყურადრებას გამოვიჩენთ, თორემ ეფექტურობასა და ლამაზად თამაშს რა სჯობს...

ახლა კი, რადგან ჯერაც არ ვიცით ჩვენი მომავალი ქვეჯგუფის შესახებ და მეტოქეების ვინაობა, წინა სამი ევრობასკეტი მოკლედ გავიხსენოთ და ვნახოთ, ვისთან, როგორ ვითამაშეთ...

ევრობასკეტის ისტორია

2011 წელი – ლიტვაში გამართულ ევროფორუმზე საქართველოს ნაკრები დებიუტანტი გახლდათ. მაშინ, ფორმატი სხვაგვარი იყო: ორი ჯგუფური ეტაპი ტარდებოდა. პირველ ეტაპზე იგორ კოკოშკოვის გუნდი რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთის, უკრაინისა და სლოვენიის ნაკრებებთან მოხვდა. ქვეჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მიუხედავად სირთულეებისა, ეს მოვახერხეთ: მოვუგეთ რა ბელგიასა (81:59) და უკრაინას (69:53) – ორი მოგება კი, მეორე ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი გამოდგა. ჩვენთან ერთად ბარიერი სლოვენიისა და რუსეთის ნაკრებებმა გადალახეს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი მეტოქეებად რუსეთთან და სლოვენიასთან ერთად, მაკედონია, საბერძნეთი და ფინეთი გვერგო. რუსებთან და სლოვენიელებთან განცდილი მარცხი წესის მიხედვით მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაგვყვა, ხოლო საბერძნეთთან (60:73), ფინეთთან (73:87) და მაკედონიასთან (63:65) მარცხი განვიცადეთ და ლიტვური ევროფორუმი ასე დავასრულეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დებიუტანტი გახლდათ ჩვენი ნაკრები, შედეგი მართლაც კარგი იყო – მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ორი მოგება 8 მატჩიდან. ტურნირზე კი, საბოლოო მონაცემებით, მე-11 ადგილი დავიკავეთ.

2013 წელი – სოლვენიაში კი უფრო ცუდად გამოვედით: პირველი ჯგუფური რაუნდი ვერ დავძლიეთ. არადა, ჩვენთვის ყველაფერი ჩინებულად დაიწყო და პირველსავე ტურში პოლონეთის ნაკრებს უშანსოდ 84:67 ვაჯობეთ. თუმცა, მერე მიყოლებით დავმარცხდით ხორვატიასთან (76:77), სლოვენიასთან (68:72), ჩეხეთთან (95:79) და ესპანეთთან (59:83). საბოლოოდ ტურნირი 1 მოგებითა და 4 მარცხით დასრულდა საქართველოსთვის, ხოლო სატურნირო ცხრილში 24 ნაკრებიდან მე-17 ადგილი გვერგო თურქეთთან ერთად.

2015 წელი – თავდაპირველად ვთქვათ, რომ გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდა: გაუქმდა მეორე ჯგუფური ეტაპის სისტემა და დაინერგა პლეი-ოფები მერდფინალიდან. ტურნირს ოთხმა ქვეყანამ უმასპინძლა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს თამაში ხორვატიაში მოუწია. C ჯგუფში ჩვენი კონკურენტები მასპინძლებთან ერთად ჰოლანდია, საბერძნეთი, სლოვენია და მაკედონიას იყვნენ. პირველ ტურში მოულოდნელად კოკოშკოვის გუნდი ჰოლანდიასთან დამარცხდა დრამატულ მატჩში 72:73 და მაშინ, ბევრმა საქართველოს შანსს ჯგუფიდან გასვლის შესახებ ალმაცერად შეხედა. ამას მოჰყვა წაგებები სლოვენიასთან (68:79) და მესამე ტურში საბერძნეთთან ასეთივე ანგარიშით. ბოლო ორი ტურის წინ მოუგებლად ბოლო ადგილს ვიკავებდით, მაგრამ ქართველებმა საოცრება მოახდინეს – მოუგეს ჯერ მაკედონიას ადვილად 90:75, ხოლო ბოლო ტურში მასპინძელ ხორვატიას საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს – 71:58 და მერვედფინალში გავედით, სადაც ლიტვის უძლიერეს ნაკრებთან ვითამაშეთ. გუნდთან, რომელიც ნამდვილად საკალათბურთო ქვეყანაა და რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორტიდან მიიჩნეოდა. საქართველომ ლიტვას არაფერი დაუთმო და დიდი ხნის განმავლობაში უგებდა კიდეც, მაგრამ ბოლო პერიოდში თავი გამოუცდელობამ იჩინა და საბოლოოდ ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ – 81:85. აღვნიშნოთ, რომ ლიტვის ნაკრებმა მერე ასპარეზობა დიდებულად გააგრძელა და მხოლოდ ფინალი დათმო ესპანეთთან...

ეს ადრე იყო, ახლო წარსულში – ახლა კი, მხოლოდ მომავალზე ფიქრო გვმართებს. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები ისევ ევრობასკეტზეა და დანარჩენს გავიგებთ. ფაქტია, რომ წარმატებაზე ფიქრი შეგვიძლია, თანაც თამამად!..

0.13436