კალათბურთი

1:10 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მისია შესრულებულია: საქართველო ევრობასკეტზე ისევ ითამაშებს!

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დღეს, ილიას ზუროსის გუნდმა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი ჯგუფის ლიდერ მონტენეგროსთან სტუმრად ჩააატარა და მეტოქეს ექვსი ქულის სხვაობით, 90:84 მოუგო. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რადგან იმავე მონტენეგროსთან თბილისში ორი ქულით ჰქონდა წაგებული.

უნდა ითქვას, რომ დღევანდელი შეხვედრა ილიას ზუროსის გუნდმა ბრწყინვალედ ჩაატარა და მეტოქისთვის თითქმის მთელი თამაში შანსი არ მიუცია. ერთადერთი, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მასპინძლები ხუთი ქულით (84:79) დაწინაურდნენ და სწორედ ამ მომენტში, ერთმანეთის მიყოლებით მაიკლ დიქსონმა და ვიქტორ სანიკიძემ ორი სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ ეს ეპიზოდები გამოდგა გარდამტეხი და მერე ქართველ კალათბურთელებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა მეტოქეს მშრალი გაქცევა მოუწყო - 11:0.

ვთქვათ, რომ დიდებულად გაისარჯა ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე მაიკლ დიქსონ, რომელმაც 36:15 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა გუნდს. დიქსონი მართლაც დიდებულად ემუქრებოდა მეტოქის კალათს: 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 8-დან რვავე საჯარიმო. საერთოდ, ჩვენდა სასიხარულოდ დღეს საქართველომ სამქულიანები ძალზე კარგად ისროლა და 20 ნასროლი სტრყოცნიდან ზუსტი 10 გამოდგა, რაც ჩინებული მაჩვენებელია. თითქმის უშეცდომოდ ისროლეს ქართველმა კალათბურთელებმა საჯარიმო სტყორცნები: 28-დან 24 (85%), ხოლო 37-დან 18 ორქულიანი გამოდგა ზუსტი (48%).

დიქსონისა არ იყოს, ბრწყინვალედ გაისარჯა ზაზა ფაჩულია, რომელიც გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის შეუჩერებელია ხოლმე: 33:13 წუთში ზაზამ ორმაგი დუბლი გაიფორმა 21 ქულითა და 13 მოხსნით. გარდა ამისა, 5 შედეგიანი პასიც შეასრულა. ათქულიან ზღვარს ვიქტორ სანიკიძე (14ქ, 7მ, 1პ) და გიორგი ცინცაძეც ასცდნენ (13ქ, 7პ, 3მ).

ეს გამარჯვება მითუფრო დასაფასებელია იმის გამო, რომ ზუროსის გუნდს წამყვანი მოთამაშე თორნიკე შენგელია მონტენეგროში საერთოდ არ ახლდა, თუმცა ამჯერად 31 ქულით დიქსონმა გამოიჩინა თავი.

ასე და ამრიგად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ზედიზედ მეოთხედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, რომელიც 2017 წლის სექტემბერში ჩატარდება. ქართველმა კალათბურთელებმა F ჯგუფში 6 მატჩიდან 5 მოიგეს და ერთი მარცხი იწვნიეს, 524:402 - ეს კი ბურთების შეფარდებაა.

ევრობასკეტ 2017-ის ფინალური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სტამბულში ჩატარდება.

მონტენეგრო - საქართველო 84:90

(18:26, 23:19, 21:19, 22:26)

მონტენეგრო: ვუჩევიჩი (30წ, 17ქ, 8მ, 2პ, 2დ, 1ჩ), მიჰაილოვიჩი (13წ, 2ქ), პავლიჩევიჩი (13წ, 4ქ, 1პ, 1მ), რადონჩიჩი (16წ, 3ქ, 4მ, 1პ, 1ჩ), ნიკოლიჩი (6წ, 2ქ, 3მ), ნიდჰემი (28წ, 4ქ, 1პ), ტოდოროვიჩი (7წ, 3ქ, 1მ, 1პ), დუბლიევიჩი (17წ, 17ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ვრანიეში (16წ, 6ქ, 1პ), დჯურიშიჩი (20წ, 17ქ, 5მ), დაშიჩი (26წ, 2ქ, 4მ, 1პ, 3ჩ), პოპოვიჩი (13წ, 7ქ, 1მ)

საქართველო: ლეჟავა (2წ), დიქსონი (37წ, 31ქ, 6მ, 2პ, 1ჩ), ბოისა (3წ), ფაჩულია (34წ, 21ქ, 13მ, 5პ), ცინცაძე (37წ, 13წ, 3მ, 7), შერმადინი (16წ, 4ქ, 2მ, 1პ, 1ჩ), სანაძე (14წ, 5ქ, 1მ, 1პ, 1დ), სანიკიძე (35წ, 14ქ, 7მ, 1პ, 2ჩ), ბურჯანაძე (21წ, 2ქ, 2მ), ბექაური (5წ, 1მ)

0.115747