ჭიდაობა

17:24 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგონებმა უმედლოდ ჩაამთავრეს, თავისუფლები სამი ბრინჯაოს შანსით იწყებენ

თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკების შემდეგ საპრიზო სამეულები გოგონებმაც შეავსეს. მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოს ნაკრების სამი წევრიც ჩაერთო, მაგრამ შეჯიბრებას სამივე პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა.

ყველაზე დასანანი მარცხი 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ კარელიძემ იწვნია – საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთო რუს ანა აგუნდოვასთან შეხვედრით და პირველი პერიოდის შემდეგ 4:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ორწუთეულში ძალა აღარ ეყო და საბოლოოდ შებოჭვით დამარცხდა. რუსს ნახევარფინალიც რომ გადაელახა, კარელიძეს ბრინჯაოს გზას უხსნიდა, მაგრამ ძირითად ბადეს ისიც მალევე დაემშვიდობა.
თამუნა სამხარაძემ (46 კგ) აზერბაიჯანელ ალინა ზოკოევასთან წააგო (0:4), ხოლო თამარ ხოჯაშვილმა (52 კგ) - ბულგარელ ვესელა ბრამჩევასთან (1:7).

გოგონათა პირველობა იაპონიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ათი წონითი კატეგორიიდან რვაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე სწორედ იაპონელები ავიდნენ და 89 ქულით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, მეორეზე რუსეთი გავიდა - 67 ქულით, მესამე აშშ – 51 ქულით.

დღეს სპორტის ახალი სასახლის ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმოთ. მედლები ხუთ წონით კატეგორიაში უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრების ხუთი წევრიდან კი ფინალურ ბლოკში გამოსვლის უფლება სამმა მოიპოვა – გიორგი გეგელაშვილი (42 კგ), თორნიკე ქათამაძე (50 კგ) და გიორგი ელბაქიძე (58 კგ) რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

გეგელაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზ აბდიმალიკ კარაჩოვს დაუპირისპირდება, ქათამაძე იაპონელ დაიგო ჰატორის შეხვდება, ხოლო ელბაქიძე – რუსეთის ნაკრების წევრ ვადიმ ბიკოევს. ფინალური ბლოკის შეხვედრები 18 საათზე დაიწყება.

0.100837