ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-5 დღეს ქართველ სუმოისტთაგან ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მარცხი განიცადა, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი გამარჯვება იზეიმა.
გაგამარუმ 2 მარცხის ფონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ისევ დადებით ბალანსზე გავიდა. ქართველმა სეკიტორმა, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი ოკურიდაშით დაამარცხა.
გაგამარუს შემდეგი მეტოქე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელთანაც მას უარყოფითი მაჩვენებლები აქვს – 2 მოგება, 13 მარცხი.
ვერაფრით დაიკვეხნის ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძე, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და დიდი შანსია, ამჯერადაც მაკეკოში ანუ უარყოფითი ბალანსი დააფიქსიროს.
ტოჩინოშინს 5-დან მხოლოდ 1 შერკინება აქვს მოგებული. მან ამჯერად სოტოგაკეთი მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან წააგო. ქართველი სუმოისტის შემდეგი მოწინააღმდეგე ოძეკი ტერუნოფუჯი დადგება, რომელთანაც გასული 9 ორთაბრძოლიდან, ქართველს მხოლოდ 1 აქვს მოგებული.
სექტემბრის სუპერტურნირის 5 დღის თავზე მაქსიმალური შედეგი მხოლოდ ორ მონაწილესღა აქვს. ხუთ-ხუთი გამარჯვებით ოძეკი გოეიდო და აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ოკინოუმი ლიდერობენ.