საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში ამ წუთებში სლოვაკეთს ეთამაშება. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდის უპირატესობა საგრძნობია - 51:39.
პირველი ათწუთეული ქართველმა კალათბურთელებმა 11-ქულიანი სხვაობით, 30:19 მოიგეს, ხოლო მეორე მეოთხედში ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის უპირატესობამ მხოლოდ ერთ ქულას უწია: 21:20.
დღევანდელი შეხვედრა დიდებულად დაიწყო თორნიკე შენგელიამ, რომელმაც საწყის 5 წუთში საკუთარ გუნდს 15(!) ქულა და ერთი მოხსნა შესძინა. მან პირველ მეოთხედში პარკეტზე 07:13 წუთი გაატარა და 17 ქულა დააგროვა, ხოლო სლოვაკეთის ნაკრებს იგივე დროში 19 ქულა ჰქონდა დაგროვებული... საბოლოოდ, თორნიკემ პირველ ტაიმში 15 წუთზე ოდნავ ნაკლები ითამაშა და 24 ქულა დააგროვა.
სტუმართაგან კი, საუკეთესო ნენად მილოშევიჩი იყო 16 ქულით. შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში განახლდება.