ჭადრაკი

19:43 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას ოქრო, ბაციაშვილის ვერცხლი

32 წლის ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ათ პარტიაში 8 ქულა მიითვალა და პირველ დაფაზე ოქროს მედალი არავის დაუთმო. იმის გათვალისწინებით, რომ ვაჟთა ტურნირში ფაქტობრივად ყველა უძლიერესი მოჭადრაკე თამაშობდა, ეს ნამდვილად დიდ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შედეგის წყალობით, ჯობავამ თავის მონაგარს 32.8 პუნქტი შეიმატა, 2697.8 ქულა გაუხდა და საჭადრაკო ლაივ-რეიტინგში ერთბაშად 39 ადგილით დაწინაურდა. შედეგად, ახლა, ბაადურს კლასიფიკაციაში 44-ე პოზიციაზე უკავია.

ოლიმპიადის ბოლო ტურში ჯობავა შავი ფიგურებით დრაგან სოლაკს (2635) დაუზავდა, საქართველოს ნაკრებმა კი თურქებთან 1.5:2.5 წააგო. პარტიები დათმეს მიხეილ მჭედლიშვილმა (2609) და თამაზ გელაშვილმა (2575), ლევან ფანცულაიამ (2601) კი გამარჯვება იზეიმა.

საბოლოოდ, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 14 ქულით 24-ე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი აშშ გახდა, რომელმაც სანუკვარი პრიზი 40-წლიანი პაუზის შემდეგ ჩაიბარა. ამერიკელებმა 20 ქულა მოაგროვეს და უკრაინელებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს, ბრინჯაო კი რუსეთს (18 ქულა) ერგო.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ქალთა შორის პირველობა არავის დაუთმეს ჩინელებმა, რომელთაც 10 ქულა მოაგროვეს და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ პოლონეთს და უკრაინას ერთბაშად სამ-სამი ქულით გაუსწრეს,

სამწუხაროდ, 15 ქულით მხოლოდ მე-10 პოზიციაზე გავიდა საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელსაც მე-4 განთესვა გააჩნდა. ბოლო ტურში ქართველებმა ავსტრიას 3:1 სძლიეს. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა (2486) და ნინო ბაციაშვილმა (2474), ბელა ხოტენაშვილმა (2463) და სალომე მელიამ (2419) კი ყაიმები დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, ბაციაშვილის დიდებული თამაში, რომელმაც 10-დან 9 პარტია მოიგო, ერთადერთში დამარცხდა და ქალთა მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა. ნათელია, რომ ნინო რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.

0.115006