როგორც „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის ბოლიდს მზადების პროცესში დიდ როლს ასრულებს ედრიან ნიუი, რომელიც სწორედ აეროდინამიკის ახალი რეგლამენტის გამო, რომელიც ინჟინრებს გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს, ვიდრე ადრე, უაღრესად მოტივირებულია.
ნიუიმ ტექნიკური დირექტორის პოსტი ორი წლის წინათ დატოვა და სხვა პროექტებზე გადაერთო, მათ შორის, „ასტონ მარტინის“ ჰიპერ ავტომობილის პროექტზე, რომელიც სწორედ სრულყოფილი აეროდინამიკით გამოირჩევა. სწორედ მან შეადგინა RB13-ის კონცეპცია და დაგეგმა შესასრულებელი სამუშაოების პროცესი., რაც ავტომობილის დამზადების გარდა, მის შემდგომი სრულყოფის პროცესსაც მოიცავს.
„ბოლო ხანს მას ფ1-ის და „ედვანსედ ტექნოლოჯიზის“ პროექტებზე დრო 50:50-ზე ჰქონდა განაწილებული. მას ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდა. ჩვენი გუნდის ტექნიკური ჯგუფიც განვითარდა და საქმეს შესანიშნავად აკეთებს, რაც ჩვენს ახლანდელ მანქანას ეტყობა. მთავარია, რომ ამ საქმეში ედრიანი მონაწილეობს და მისი რჩევებიც თავის როლს ასრულებს. და ის ახალი მანქანის შემუშავებაშიც ჩართულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან მაღალი სამუშაო ეთიკით გამოირჩევა და ახალი გამოწვევა სიამოვნებას ანიჭებს. ჩემი აზრით, რეგლამენტის ცვლილება ყოველთვის სტიმულის მიმცემია. ამ მხრივ, ედრიანი გუნდის სხვა წევრებისგან არ განსხვავდება“, - ამბობს ჰორნერი.
ახალ პროექტში ნიუის გაზრდილი ჩართულობის მიუხედავად, „რედ ბულის“ შეფი თვლის, რომ ახალი რეგლამენტი მის გუნდს უპირატესობას არ მიანიჭებს: „ამ ბიზნესში არ არსებობს აბსოლუტური გარანტია. მაგრამ როცა საქმეს შედარებით სუფთა ფურცლიდან იწყებ, ეს ყველას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, კონკურენცია კვლავაც ძალიან ხისტი იქნება“.
ჰორნერი ასევე თვლის, რომ ახალი რეგლამენტი სპორტს ძალიან გამოადგება: „რა თქმა უნდა, არსებობს ნიუანსები, რომლებიც შეიძლება უკეთესად გადაწყდეს, მაგრამ განვითარების ძირითადი მიმართულება სწორია. მანქანებს უკეთესი გარეგნობა ექნება, ისინი უფრო რთულად სამართავიც უნდა იყოს, რადგან გაცილებით მოუმატებენ სიჩქარეს. და ეს ყველაფერი უკეთესი სანახავი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეფექტური ტესტების შემდეგ, „პირელი“ ისეთ საბურავებს მოგვიმზადებს, რომლებიც კარგად იმუშავებს. ჩემი აზრით, ახალი სეზონიდან, პილოტებს შორის მეტ განსხვავებას დავინახავთ“.







