ფეხბურთი

18:48 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

როგორ გადაარჩინა ანანიძემ ბავშვის სიცოცხლე - ჯანო უცნობ დეტალებზე...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკის” ვებგვერდს საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი ინტერვიუ მისცა. 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ხსენებულ ინტერიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მას სრულად გთავაზობთ.

აღნიშნულ დიალოგში გაიგებთ, უცნობ ისტორიებს – როგორ გადაარჩინა ჯანომ პატარა ქართველი ბავშვის სიცოცხლე, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ...

- ქობულეთი – პატარა ქალაქია?

- დიახ. დაახლოებით 20 ან 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყველა, ყველას იცნობს. ყოველ დილით მამას ზღვაზე მივყავდი სავარჯიშოდ, მაშინაც კი, როდესაც ზამთარ იყო და ძალიან ციოდა. მამა გზაში ნაცნობებს ხვდებოდა, დილის 7 საათზე ხალხი ავტობუსს ელოდებოდა და ამ დროს გვესმოდა ხმა: ამირან, ნუ აწამებ ბავშვს, ძალიან ადრეა, დააძინე – მამა კი მათ პასუხობდა: ჩვენ ერთად დიდ გეგმებს ავაშენებთ.

- გახსოვთ პირველი ბუცები?

- დიახ. 6-7 წლის ვიყავი – მაშინ მამა მწვრთნელი იყო და თბილისში თამაშის შემდეგ სახლში დილის ოთხ საათზე დაბრუნდა. დედამ გამაღვიძა და დავინახე ჩემს წინ წითელი ბუცები გახლდათ. ეს იყო საუკეთესო საჩუქარი ჩემს ცოხვრებაში მიუხედავად იმისა, რომ მას შემდგომ დიდი დრო გავიდა.

- გამოდის, ფეხბურთი მამათქვენმა შეგაყვარათ?

- დიახ, ასეა. არავინ იცის, ის რომ არა, რა გამოვიდოდი. სხვათა შორის, მამაჩემი ჩემზე არანაკლებ ტექნიკური იყო და ვფიქრობ, მას დავემსგავსე. მისი მეგობრები კი მეუბნებიან, რომ მამა ამ მხრივ მჯობდა. ჩემი აზრით, მას დღეს რომ ეთამაშა, დიდი ფეხბურთელი იქნებოდა. საერთოდ, მან ყველაფერს თავისით მიაღწია, არავინ დახმარებია. წარმოიდგინეთ, ოჯახში არავის აინტერესებდა ფეხბურთი, ყველას თავისი საქმე ჰქონდა – მამას კი ფეხბურთელობა სურდა და მიაღწია კიდეც მიზანს.

- ბაბუა ყოფილა საფეხბურთო მატჩზე?

- ერთხელ დაესწრო მამას თამაშს, მაგრამ არ მოეწონა და სტადიონი მალევე დატოვა – თქვა: ეს არაა საჩემო. ახლაც ასეა, იგი თბილისში ჩემს თამაშებს არ ესწრება. უკვე 83 წლისაა, ქობულეთში ცხოვრობს და მანდარინებს აგროვებს. მანდარინი საქართველოში ისევე მოდის, როგორც რუსეთში – ვაშლი.

- თქვენც აგროვებთ მანდარინებს?

- არა, ეს მე არ შემიძლია. ამას მხოლოდ ბაბუა აკეთებს, სპეციალური ტექნიკა აქვს. საერთოდ, რთული საქმე არაა, მაგრამ თავისუბურ ცოდნას მოითხოვს.

- როდესაც ბაბუამ გაიგო “სპარტაკში” გადასვლის ამბავი, რა გითხრათ?

- განსაკუთრებული არაფერი. ნათესავებსა და ახლობლებს კი, გაუხარდათ. ისინი მირჩევნდნენ, მოსკოვი დიდი ქალაქია, ფრთხილად იყავიო. ახლა უკვე 9 წელი გავიდა, რაც მოსკოვში ვცხოვრობ. როცა ქობულეთში ჩავდივარ, მეკითხებიან, როგორია მოსკოვი? კარგი ქალაქია? ინტერნეტში ვიდეოებს უყურებენ მოსკოვზე - აინტერესებთ, საკუთარი თვალით სურთ მოსკოვისა და კრემლის ნახვაც...

- რას უყვებით მეგობრებს მოსკოვზე?

- ვიტყოდი, რომ მე მიყვარს მოსკოვი, როგორც ქვინსი პრომესს – აქ მე და ჩემი ოჯახი თავს ძალიან კომფორტულად გვრძნობთ. მეგობრებს ხშირად ვმასპინძლობთ. ამას წინათ, მეუღლის მეგობარი იყო ჩამოსული და აქედან წასვლა არ უნდოდა. ყველა ასეა – საქმროს საძებრად იმყოფებოდა მოსკოვში (იცინის).

- საქართველოში გცნობენ. და მოსკოვში?

- კი, აქაც ასეა. ქუჩაში როდესაც გავდივარ ავტოგრაფებისთვის მაჩერებენ. თუ სპორტულ მაღაზიაში მომიწევს შესვლა, მაშინ იქ კარგა ხნით მიწევს დარჩენა, სანამ ყველას დავურიგებ ავტოგრაფებს. ცოტა ხნის წინ, შვილი ზოოპარკში წავიყვანე და სურათების გადასაღებად გაგვაჩერეს. მათ არამარტო ჩემთან, არამედ ჩემს შვილთანაც გადაიღეს ფოტოები. საერთოდ ასეა, “სპარტაკს” ბევრი ქომაგი ჰყავს, მათ უყვართ გუნდი და პატივს სცემენ. აქედან გამომიდინარე უყურადღებოდ დარჩენა რთულია.

- ახლა როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა. კოჭი ისევ გაწუხებთ?

- არა, მადლობა ღმერთს ახლა ყველაფერი კარგადაა. სიმართლე გითხრათ, მეც კი არ მჯერა ამის. “როსტოვში” გამაყუჩებლებით ვთამაშობდი, თითქოს არ ჩანდა ექიმი, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დასვამდა. იტალიაშიც კი არ აღმოჩნდა ასეთი. მაგრამ, მერე სასწაული მოხდა. “სპარტაკის” სამედიცინო პერსონალმა ერთი ვარიანტი შემომთავაზა და გაამართლა – ეს, ალბათ, ჩემი ბოლო შანსი იყო.

- ფინეთში გაემგზავრეთ?

- დიახ, პროფესორ ორავთან. მან დაუჯერებელი რამ გააკეთა: ფოტოც არ გადამიღო, უბრალოდ, თითი დამადო და მაშინვე თქვა, საოპერაციო მაგიდაზე! – სხვათა შორის, დენის ჩერიშევმა მასთან გაიკეთა ცოტა ხნის წინ ოპერაცია.

- ახლა თავს კარგად გრძნობთ...

- დიახ, მაგრამ იცით რა არის? – როდესაც “სპარტაკში” არ ვთამაშობ, მაშინვე ამბობენ, წერენ: ჯანოს ისევ ტრავმა აქვს – სინამდვილეში ასე არაა. 9 წლის განმავლობაში სულ ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული: ერთი მენისკის, რომელიც ყველა მოთამაშეს აწუხებს და მეორე – ტერფის. როდესაც არ ვთამაშობ, ეს ხშირ შემთხვევაში მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხდება და არა ჩემი ტრავმიანობით.

- მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?

- მოსკოვში, “ბენფიკასთან” კარგად ვითამაშე, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებით მომდევნო სამი თამაში არ ჩამიტარებია. ხალხმა დაიწყო საუბარი – ისევ ტრავმირებულია. სინამდვილეში შემადგენლობაში მწვრთნელის გამო ვერ ვხვდებოდი.

- თქვენ გქონდათ წარმატებული სეზონი “როსტოვში”. მიოდრაგ ბოჟოვიჩი გენდობოდათ?

- დიახ. მახსოვს, “ვოლგას” ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ. შესვენებამდე მითხრა, რომ შეცვლას გააკეთებდა. გასახდელში ბუცები გავიხადე, მაგრამ მან სხვა ფეხბურთელი შეცვალა. მე გაოცებული ვიყავი და ვკითხე. კი მაგრამ, თქვენ მე არ მცვლიდით? – არა, შენ თამაშს გააგრძელებ – მიპასუხა მან. მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარე და ჯერ გოლი გავიტანე, მერე ორი საგოლე პასი შევასრულე. მერწმუნეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მწვრთნელი გენდობა.

- ბოჟოვიჩთან ურთიერთობა ისევ გაქვთ?

- დიახ, მიმოწერა გვაქვს ერთმანეთთან. მან მომილოცა, აეკთან გატანილი ლამაზი გოლი...

- თქვენ “ანჟის” მერე ავსტრიის ნაკრებსაც გაუტანეთ ლამაზი გოლი. ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი გოლი იყო თქვენს კარიერაში?

- ალბათ, მოსკოვის “ლოკომოტივთან” სადებიუტო გოლი. მაშინ, “რკინიგზელთა” რიგებში მალხაზ ასათიანი თამაშობდა, რომელმაც თამაში მერე მითხრა: შენ არავისთვის გაგიტანია თავით გოლი და ჩვენთან ეს შეძელი. ეს იყო 17 წლის ასაკში და სასიამოვნოა, რომ “სპარტაკის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ მოვახერხე გოლის გატანა პრემიერლიგაში. სხვათა შორის, მას მერე, 7 წელი გავიდა, მაგრამ რეკორდი ხელუხლებელია...

- “სპარტაკის” პროგრესი მასიმო კარერას დამსახურებაა?

- შესაძლოა. იგი ჩვენთვის კარგი მოტივატორია – ტემპერამენტიანი იტალიელია. მან ყოველთვის იცის როგორ გამონახოს სწორი მიდგომა და მართებული სიტყვები ფეხბურთელებთან. იგი ვარჯიშის დროს არასდროს გვიმხელს შემადგნლობას და გვეუბნება, ეს არ ვიცი, ბოლომდე დაიხარჯეთ. მერე კი, თამაშზე იმათ ეყრდნობა, რომლებიც მოცემულ დროს კარგ ფორმაში არიან.

- თუ მოიგებდით მილიონ ევროს, რაში დახარჯავდით?

- პირველ რიგში მოსკოვში ბინას ვიყიდდი – ამაზე ვოცნებობ. დანარჩენ თანხას კი, ავადმყოფ ბავშვებს მოვახმარდი. ამას წინათ წავიკითხე, რომ საქართველოში ბავშვს ოპერაციისთვის დიდი თანხა სჭირდებოდა. თუმცა, დიდი თანხა არასდროს გადამირიცხავს.

- იცით იმათი ბედი, ვისაც ფულს ურიცხავთ?

- ერთ ისტორიას მოგიყვებით: ავსტრიაში წასვლამდე, ქართულ საიტზე შევედი, სადაც მამა საკუთარ შვილზე წერდა და დახმარებას ითხოვდა. ბავშვი თურმე გვიან ღამით ფეხბურთს უყურებდა და გონება დაკარგა – აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. მაშინ ჩემი მეუღლე თბილისში იმყოფებოდა და დავურეკე მას, ვუთხარი: ახლა ფულს გადმოგირცხავ, მერე ერთი კაცი მოვა და მიეცი. შემდეგ იმ კაცს დავურეკე, მისთვის არ გამიმხელია ვინ ვიყავი, უბრალოდ ვუთხარი, რომ ძალიან მსურდა მისი დახმარება და რომ, ფეხბურთელი ვიყავი. იგი ატირდა, მადლობებს მიხდიდა. ეს ბავშვში გამოჯანმრთელდა, მან დაამარცხა დაავადება, ცოტა ხნის წინ ვინახულე კიდეც. მისი ოჯახი მილოცავს დრესასწაულებს, გახსნილი ადამიანები არიან.

- რომელია ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში?

- დღე, როდესაც მამა გავხდი. “როსტოვს” თასის ფინალი ელოდა და ამ მატჩისთვის ვემზადებოდი. 2 მაისის დილა იყო, როცა დამირეკეს და მითხრეს: თქვენ ქალიშვილი გყავთ – ეს იყო საოცარი შეგრძნება, დაიბადა მია – რამდენიმე დღეში რუსეთის თასიც მოვიგე.

- ყველაზე ცუდი დღე...

- როდესაც მამა გარდაიცვალა. მან ოპერაცია თურქეთში გაატარა და 6 თვე რეაბილიტაცია უნდა გაევლო, მაგრამ 4 თვის შემდგომ წამოვიდა. მართლაც კარგად იყო. სამწუხაროდ ვირუსი შეეყარა და მისთვის გაციება არ შეიძლებოდა. მალევე გულმა მუშაობა დაასრულა. ამ დროს ბაზაზე ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. დედაჩემმა დამამშვიდა, მაგრამ მერე მამას მეგობარმა სიმართლე მითხრა – ცხოვრება ასეთია...

- მამა გაკლიათ?

- დიახ. ვფიქრობ, ის რომ ახლოს იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ ზემოდან ყველაფერს ხედავს. ახლა ყველა გადაწყვეტილებას მარტო ვიღებ. ჩემი მიზანი ასეთია: გავაგრძელო მუშაობა, მინდა “სპარტაკის” ძირითადში ვიყო და ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო, რადგან იგი ჩემთვის მშობლიური გუნდია. გამარჯვებას გულშემატკივრები იმსახურებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115478