ფეხბურთი

11:01 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: სირბილაძემ მეთორმეტე გაიტანა

ფინეთის იუკონენ ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) ირაკლი სირბილაძემ მორიგი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მისმა კპვ-მ სტუმრად 3:2 სძლია ტპს-ს და მეოთხე ადგილზეა, თუმცა უმაღლესში გადასვლის შანსი აქვს. 33 წლის ქართველმა ფორვარდმა მე-16 წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, მერე მისი გუნდი აგებდა, მაგრამ ბოლო წუთებში შემოატრიალა თამაში და იმარჯვა.

სირბილაძეს 12 გოლი მოუგროვდა სეზონში, ბომბარდირებში პირველზე მყოფ ფეხბურთელს კი 14 გოლი აქვს.

ავსტრიაში ვენის "რაპიდმა" სტუმრად 1:1 ითამაშა გრაცის "შტურმთან". ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიას დებიუტი გადაიდო: ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ მინდორზე არ შეუყვანიათ. "რაპიდი" მეოთხე ადგილზეა.

აზერბაიჯანში "გაბალამ" 8:0 გაანადგურა ბაქოს "ნეფთჩი". მოგებულთა შორის ნიკა კვეკვესკირმა მეორე ტაიმი ჩაატარა, მომენტიც ჰქონდა და ვერ გამოიყენა. ერთი საგოლე პასი კი გააკეთა. "გაბალას" სამ ტურში შვიდი ქულა აქვს და ბურთების შეფარდება 12:0.

გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" პორტუგალიის ჩემპიონატში ლისაბონის "სპორტინგთან" 0:3 დამარცხდა. "მორეირენსეს" კარში კვლავაც მაკარიძე იდგა და ქართველმა რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 0:1 წააგო "დიორმოტთან" და ბოლოდან მესამე საფეხურზეა. დაუშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

კვლავ წარმატებულია კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი". ამჯერად სტუმრად 4:1 მოუგო ლიდერ "ასტანას" და 4 ქულით ჩამორჩება მას. "ქაირათს"'მეორე ადგილი გარანტირებული აქვს.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ 2:2 ითამაშა "სტალთან" და მესამე ადგილზეა. ლიპარტიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. მინდორზე იმ დროს შევიდა, როცა მისი გუნდი 0:2 აგებდა.

0.121447