ჩოგბურთი

10:19 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

ანჟელიკა კერბერი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. გერმანელმა ჩოგბურთელმა ფინალში კაროლინა პლიშკოვა სამსეტიან მატჩში 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა და მიმდინარე წელს მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. 2016 წლის დასაწყისში გერმანელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა.

აღნიშნული გამარჯვებით კერბერს 3.5 მილიონი დოლარი გადაეცა და ორშაბათიდან ქალთა რეიტინგს ოფიციალურად ულიდერებს, პლიშკოვა კი მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებს. ანჟელიკა გახდა 22-ე ჩოგბურთელი, რომელიც ქალთა რეიტინგის სათავეში მოექცა.

ურთიერთშეხვედრებში გერმანელი 5:3 დაწინაურდა. ჩოგბურთელების ბოლო ოთხი დაპირისპირება სხვადასხვა ტურნირებზე ფინალში შედგა. 21 აგვისტოს პლიშკოვამ ცინცინატში იმარჯვა, 2015 წელს კი კერბერმა კაროლინას ბირმინგემის და სტენფორდის ტურნირებზე აჯობა.

კერბერი 1996 წლის შემდეგ გახდა პირველი გერმანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო. მაშინ ტურნირზე ლეგენდარულმა შტეფი გრაფმა იმარჯვა, 20 წლის წინ კი კერბერი 8 წლის გახლდათ. რაც შეეხება ჩეხებს, პლიშკოვას შანსი ჰქონდა 1985 წლის შემდეგ ჰანა მანდლიკოვას შედეგი გაემეორებინა, თუმცა წააგო. ბოლო ჩეხი ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალში 1993 წელს იყო ელენა სუკოვა, რომელიც ანჟელიკას თანამემამულე გრაფთან დამარცხდა. მართალია მარტინა ნავრატილოვას ოთხჯერ აქვს მოგებული აღნიშნული ტურნირი, თუმცა ჩეხეთში დაბადებული ჩოგბურთელი ამერიკის სახელით გამოდიოდა.

სერენა უილიამსის გარდა, კერბერი 2007 წლის შემდეგ გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ წელიწადში ერთზე მეტი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. 9 წლის წინ იგივე ჟიუსტინ ენინმა შეძლო. ბელგიელმა ამერიკასა და საფრანგეთში იმარჯვა. ასევე კერბერი გახდა მესამე მარცხენა ხელით მოთამაშე ჩოგბურთელი, რომელმაც ტურნირი მოიგო. აქამდე ამერიკაში მარტინა ნავრატილოვას და მონიკა სელეშს გაუმარჯვიათ.

0.292973