ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტაინსლავ ვავრინკა დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი გამორჩეული იქნება, რადგან ერთმანეთის პირისპირ იღბლიანი სერბი და მებრძოლი შვეიცარიელი დადგებიან.
ნომერ პირველმა ჩოგანმა ნახევარფინალში ფრანგი გაელ მონფისი 3:1 დაამარცხა (VIDEO). პირველ და მეორე სეტში ჯოკოვიჩს ყველაფერი გამოუვიდა, ჯამში 4 ბრეიკი შეასრულა და იოლად 6:3, 6:2 იმარჯვა. მესამე სეტში კი ფრანგმა ჩოგბურთი გაალამაზა და სერბს შეახსენა, რომ კორტზე მარტო თვითონ არ თამაშობდა. არადა სიტუაცია სხვანაირი იყო: სერბმა ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ყველა ელოდა, რომ ნოვაკი იოლად მოიგებდა, თუმცა მონფისმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო. მატჩის შემდეგ მონფილსმა თქვა, რაღაც სხვა უნდა გამეკეთბინა და გამომივიდა კიდეცო.
5:3-ზე გაელი საკუთარ მოწოდებაზე 0:40 აგებდა და ფსიქოლოგიური უპირატესობა პირველმა ნომერმა მოიპოვა, თუმცა ამაოდ, მონფისმა ზედიზედ 5 გათამაშება მოიგო და სეტიც დაისაკუთრა. მეოთხე სეტში კი ფრანგს "რაღაც სხვა" არ გამოუვიდა და 2:6 განადგურდა. ორმაგ შეცდომებში გაელი ლიდერობდა (11:7), თუმცა ნოვაკისგან ამას გულშემატკივრები არ მოელოდნენ, ასევე სერმა მხოლოდ 1 ეისი შეასრულა, ხოლო მონფისს 11 ჰქონდა.
განსაკუთრებით მესამე სეტიდან მოყოლებული გაელი აშკარად დაიღალა და შესვენებას მოწოდებამდე ცოტათი ახერხებდა. ნოვაკს კი მხარი აწუხებდა და სამედიცინო ტაიმ აუტი გამოიყენა. საბოლოოდ, სერბმა მეშვიდედ მოახერხა ამერიკის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მესამედ შეეცდება ტიტულის მოპოვებას, ხოლო ზედიზედ - მეორედ. ნოვაკი დიდი სლემის ბოლო რვა ტურნირზე ფინალში შვიდჯერ გავიდა. ერთხელ მხოლოდ უიმბლდონზე წააგო სემ ქუერისთან. ასევე ჯოკოვიჩი კარიერაში დიდი სლემის მეცამეტედ მოგებას შეეცდება. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ფრანგი 0:13 ჩამორჩება და ოცნების ახდენა სამომავლოდ გადადო.
მესამე ნომერმა სტან ვავრინკამ კეი ნიშიკორისთან მატჩი მძიმედ დაიწყო, მესამე მოწოდებაზე დაბრეიკდა და სეტი 4:6 წააგო. მეორე სეტში მეტოქეებმა ერთმანეთს მოწოდება აუღეს და საქმე ტაი ბრეიკამდე მიდიოდა, თუმცა მე-12 გეიმზე იაპონელმა მოწოდება ვერ გამოიყენა და დამარცხდა. ასევე მომდევნო სეტშიც 2:4 აგებდა იაპონელი, თუმცა შეძლო ანგარიშის გათანაბრება და აი აქაც 5:4-ზე ვერ იყოჩაღა და წააგო. მეოთხე სეტში კი აზიელი რატომღაც კვლავინდებურად არ იბრძოდა. მართალია 3:1-ზე მეტოქის მოწოდება აიღო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 გეიმი დათმო და მეშვიდე ნომერი ტურნირს დაემშვიდობა (VIDEO).
შვიდით მეტი ეისი მოაწოდა შვეიცარიელმა და კეიმ მხოლოდ სამჯერ შეძლო აუღებელი დარტყმის შესრულება. თამაშიდან ვავრინკა 38-ჯერ გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო იაპონელმა 27-ჯერ მოიგო. აზიელს 47 შეცდომა ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს - 37. უერთიერთშეხვედრებში სტანი 4:2 დაწინაურდა. დიდ ტურნირზე ანგარიში 1:1 გახლდათ და ახლა შვეიცარიელი დაწინაურდა. ორი წლის წინ იაპონელმა ამერიკის ღია პირველობაზე შეძლო სტანის დამარცხება 3:2, ამჯერად კი 1:3 წააგო. მიმდინარე წელს ჩოგბურთელები ტორონტოში უკვე შეხვდნენ და მაშინ აზიელმა ევროპელს ნახევარფინალში იოლად 7:6, 6:1 აჯობა. იაპონელს შეეძლო 2014 წლის შემდეგ მეორედ გასულიყო ტურნირის ფინალში. შვეიცარიელი კი აღნიშნული ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა და მესამედ შეეცდება დიდი სლემის ტიტულის მოპოვებას. 2014 წელს ავსტრალიაში სტანმა რაფაელ ნადალი დაამარცხა, ხოლო 2015 წელს საფრანგეთში ჯოკოვიჩი.
ფინალი 12 სექტემბერს გაიმართება. ჯოკოვიჩი შედარებით დასვენებულია, რადგან ტურნირზე იღბლიანია. 11 დღის განმავლობაში სერბმა ბოლომდე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. სამი მეტოქე ნომერ პირველ ჩოგანს ტრავმის გამო დანებდა და ჯამში ნოვაკმა 9 საათზე ცოტა მეტი ითამაშა. რაც შეეხება ვავრინკას, მან 9 საათი მეტოქეებს პირველ სამ თამაშში შეალია. ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, შვეიცარიელმა უფრო ძლიერი ჩოგბურთელები დაამარცხა, როგორიცაა ხუან მარტინ დელ პოტრო და კეი ნიშიკორი.
ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ბალკანელი აშკარა ლიდერია და 19:4 იგებს, თუმცა აქედან ორი მატჩი დიდი სლემის ტურნირზე წააგო. მიმდინარე წელს მეტოქეები პირველად შეხვდებიან. ნოვაკს ტიტული და სარეიტინგო ქულა დასაცავი აქვს, ხოლო სტანმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულა, წინა წელს ნახევარფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხდა, ამჯერად კი ფინალს უწია. საკითხავი ისაა, ძალაგამოცლილი სტანი შეძლებს თუ არა თითქმის დასვენებული ნოვაკის დამარცხებას.