საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, როგორც კვირის დასაწყისში იყო დააანონსებული, კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “კრასნოდარში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გუნდს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, როგორც თორნიკეს აგენტმა, მამუკა ამიროვმა გვითხრა, 24 წლის ქართველმა შემტევმა რუსულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი დღეს გააფორმა. იგი “კრასნოდარს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 70-ნომრიანი მაისური მოირგო.
მოგეხსენებათ, ოქრიაშვილმა, მას მერე, რაც მარსელის “ოლიმპიკში” ტრანსფერი ჩაეშალა, ბელგიურ “გენკთან” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი კლუბი მალევე იპოვა.
“კრასნოდარი” პრემიერლიგაში ერთ-ერთი მოწინავე გუნდია და ზედიზედ მეორე სეზონია უეფას ევროპა ლიგაზე თამაშობს. ამჯერად, ოლეგ კონენოვის შეგირდების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე “ზალცბურგი”, “ნიცა” და “შალკე” იქნებიან. თუმცა, ოქრიაშვილი კლუბს ჯგუფურ ეტაპზე ვერ დაეხმარება, რადგან უეფაში განაცხადი უკვე გადაგზავნილია და თუ “კრასნოდარი” პლეი-ოფში გასვლას მოახერხებს, შემდგომ შესაძლებელი იქნება მისი განაცხადში შეყვანა.