როგორც ესპანური AS-ი იუწყება, არგენტინულმა მედიამ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი გააკრიტიკა. სამხრეთამერიკელი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ვენესუელასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში (2:2) ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მესი "ალავესთან" მატჩისთვის მზადებას შეუდგა.
არგენტინული მედია მიიჩნევს, რომ თუ მესი 10 სექტემბერს ლა ლიგაში ითამაშებს ეს სამარცხვინო ფაქტი იქნება, რადგან ლიონელმა ნაკრების დახმარება იუარა. ფეხბურთელი თავად მწვრთნელმა გაათავისუფლა, რადგან საზარდულის დაზიანება ჰქონდა და მომდევნო მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა.
მესის ტრავმის შესახებ ინფორმაცია 2 სექტემბერს გავრცელდა და მას შემდეგ 6 დღე გავიდა. ურუგვაისთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, შემტევმა ფეისბუქის გვერდის საშუალებით განაცხადა, რომ სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა და მალე დაბრუნდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მესი კოპა ამერიკის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და "ალბისელესტემ" მისი გოლით ურუგვაი დაამარცხა, არგენტინული მედია ლიონელზე ნაწყენი მაინც დარჩა.