ქართველი ჩოგბურთელები თათია მიქაძე და სოფო შაფათავა თელავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში ითამაშებენ.
მიქაძემ და შაფათავამ ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ დენიზ ხაზანიუკს და რუს ალიონა ტარასოვას 6:4, 6:2 სძლიეს, გადამწყვეტ მატჩში კი რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძეს და ვერონიკა კუდერმეტოვას გაეჯიბრებიან. ამ წყვილს თელავში პირველი განთესვა გააჩნია.
სამწუხაროდ, ერთეულთა შეჯიბრს ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა. მერვედფინალურ ეტაპზე სოფო ქვაცაბაია უკრაინელ დაიანა იასტრემსკას დაუპირისპირდა და ჩოგბურთელთან, რომელმაც მანამდე უმთავრეს ფავორიტ ეკატერინე გორგოძესაც აჯობა, 4:6, 0:6 დამარცხდა.