ამერიკულმა მედია კორპორაცია „ლიბერტი მედიამ“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ს შეისყიდის. იმავდროულად, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჩეის კერი დაინიშნა, ვინც ამ პოსტზე პიტერ ბრაბეკ-ლეტმანს შეცვლის, ბერნი ეკლსტოუნი კი მთავარი აღმასრულებლის პოსტს შეინარჩუნებს.
ფორმულა 1-ის შესასყიდად, „ლიბერტი მედია“ ყიდულობს „დელტა ტოპკოს“ 100 პროცენტს, რომელიც „CVC კეპიტალ პერტნერზის“ შვილობილი კომპანიაა. „ლიბერტიმ“ მისი აქციების 18.7 პროცენტში უკვე გადაიხადა 746 მილიონი დოლარი, აქციების სრული პაკეტის საფასურს კი მომავალი წლის პირველ კვარტალში დაფარავს. სანამ ეს მოხდება, ფ1-ის აქციების CVC კვლავ ფ1-ის ერთ-ერთი მაჟორიტარული მფლობელი იქნება.
„ლიბერტი მედიას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფორმულა 1-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 8 მილიარდი დოლარია, სააქციო კაპიტალი კი 4.4 მილარდ დოლარს შეადგენს. ახალი მფლობელი ასევე აცხადებს, რომ გარიგების დასრულებამდე, გუნდებს მიეცემათ იმის საშუალება, მსოფლიო ჩემპიონატის თანაინვესტორები გახდნენ. სხვათა შორის, ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოთქვა ამის სურვილი.







