საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მარცხი განიცადა და ამას 2 გამოკვეთილი მიზეზი ჰქონდა. პირველის გასაგებად სტატისტიკისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია: ჩერნოგორიელებმა ერთბაშად 13 სამქულიანი ჩააგდეს და ჯამში, პერიმეტრიდან ქულების ნახევარზე მეტი მიითვალეს, მეორეს აღსაქმელად კი, თამაშის დეტალებისთვის კარგად დაკვირვება იყო საჭირო. ცხადია, საუბარი გვაქვს შეხვედრის არბიტრებზე, რომლებიც მთელი თამაშის მიმდინარეობისას “წვრილ-წვრილ” შეცდომებს უშვებდნენ, გადამწყვეტ წუთებში კი მატჩის სადავეები სრულად თავის ხელში აიღეს.
მარცხის მსაჯებზე დაბრალება არ გვჩვევია და მითუმეტეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან დაკავშირებით, მსგავსი რამ არასდროს დაგვიწერია, თუმცა, ამჯერად, აღნიშნულზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. შეიძლებოდა, ქართველ კალათბურთელებს ძალიან ძლიერ მეტოქესთან ისედაც წაეგოთ, თუმცა, ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს, საჭირო ჟამს მეტოქეს 9:0 გაქცევა მოუწყვეს და 70:68 დაწინაურდნენ. გერმანელი, ლატვიელი და ბერძენი არბიტრები საქმეში სწორედ ამ დროს ჩაერთვნენ (განსაკუთრებით, საეჭვო გამოცდილი გერმანელი არბიტრის რობერტ ლოტერმოზერის ქმედებები იყო)...
საფინალო სირენამდე 2.10 წუთი რჩებოდა, როდესაც მსაჯებმა ზაზა ფაჩულიაზე საეჭვო ფოლი დააფიქსირეს და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომლის აქტივში 22 ქულა და 9 მოხსნა იყო, სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად გადაინაცვლა. ცხადია, მის ნაცვლად მოედანზე გიორგი შერმადინის გამოჩნდა, რომელმაც თამაშში მხოლოდ ოციოდ წამი გაატარა. ჩერნოგორიელთა აცილებული ბურთის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ ფარქვეშ შესვლა დაიწყო, როდესაც არბიტრებმა შერმადინს ბლოკის არასწორად დაყენება დააბრალეს. “სრულიად შემთხვევით“, გიორგისთვის ეს ასევე მე-5 ჯარიმა აღმოჩნდა და მასპინძლები ნომინალური ცენტრის გარეშე დარჩნენ.
ამ ფაქტორმა თავი განსაკუთრებით მწვავედ ჩერნოგორიელთა ბოლო შეტევაში იჩინა, როდესაც სტუმრებმა შეტევაში ბურთი 3-ჯერ მოხსნეს და შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ნემანია დურიშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 74:76. თუმცა, მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, რა გვიჭირდა? დურიშიჩის ტყორცნამდე, ზედიზედ 2-ჯერ სტუმართა უმთავრესი ვარსკვლავი ნიკოლა ვუჩევიჩი უტევდა და ყურადსაღები ეპიზოდი მაშინ მოხდა, როდესაც “ორლანდო მეჯიქის” ლეგიონერმა შეტევაში პირველი მოხსნა განახორციელა.
ის-ის იყო, სტუმართა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ლეგიონერმა დერეკ ნედამმა ბურთი კალათისკენ გაუშვა, რომ ვუჩევიჩმა თორნიკე შენგელიას აშკარად ხელი უბიძგა, გზიდან ჩამოიშორა და აღნიშნულის წყალობით, მოხსნის კვალად, თავისი გუნდის შეტევა გააგრძელა. არადა, ამ ეპიზოდში გუნდებს ხუთ-ხუთი გუნდური ჯარიმა ჰქონდათ აღებული. მსაჯებს რომ თავი არ “დაებრმავებინათ” და ჩერნოგორიელზე აშკარა ჯარიმა დაეფიქსირებინათ, შენგელია საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე, საყაიმო ანგარიშზე, საჯარიმო ხაზზე დგებოდა და ცხადია, რომ საქართველო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იქნებოდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მარცხი სასწაული ნამდვულად არ იქნებოდა, თუმცა, როდესაც ასე აგებ, ნამდვილად დასანანია. ევროპულ კალათბურთში, მითუმეტეს, დაახლოებით თანაბარი რანგის მეტოქეების ჯახში, მსაჯები მინიმალურად მაინც ყოველთვის მასპინძლის მხარეს იჭერენ, ამჯერად კი, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. არბიტრები ქართველ კალათბურთელებს არათუ არაფერში წახმარებიან (ცხადია, ამას ვერც ვერავის მოთხოვდი), არამედ, საჭირო ჟამს სტუმრებს გამარჯვება უსირცხვილოდ მიართვეს.
სხვა საქმეა, რომ მსაჯების ფაქტორის გათვალისწინებითაც, ქართველები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, რომ არა ჩვენთვის ავადსახსენებელი კომპონენტი. ის ახალი ნამდვილად არაა, სამქულიანების გამო, ჯერ კიდევ იგორ კოკოშკოვის გუნდს არაერთი შეხვედრა დაუთმია და ახლაც ასე მოხდა. ჩერნოგორიამ 40 წუთის განმავლობაში თითქმის ერთნაირი რაოდენობის ორქულიანები და სამქულიანები (14:13) ჩააგდო, რაც თანამედროვე კალათბურთში უიშვიათესი ამბავია.
საერთო ჯამში, სტუმრებმა პერიმეტრიდან 39 ქულა (!) მიითვალეს, რა ფონზეც მასპინძლებმა მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდეს. ამის გათალისწინებით, გასაკვირიც კია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ 2 ქულით დამარცხდა. აღნიშნულის საფუძველი, მოედანზე მყოფი ქართველი კალათბურთელები საოცარი თავდადება, მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის მაღალი კვალიფიკაცია და გადავსებუბული სპორტის სასახლე (თამაშს 9 000 მაყურებელი დაესწრო, რაც მიმდინარე შესარჩევი ციკლის რეკორდია) გახდა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ძირითადი აქცენტი გუნდის ლიდერებზე გააკეთა. შედეგად, ისე გამოვიდა, რომ მატჩის მთელმა სიმძიმემ, ფაქტობრივად 8 კალათბურთელზე (ანატოლი ბოისა მოედანზე მხოლოდ 01:52 წუთი გამოჩნდა) გადაიარა. ზუროსი არსებული კონტიგენტის როტაციას ხშირ-ხშირად მიმართავდა და ფაქტობრივად წაგებული მატჩის მოტრიალებამდე ცოტა დააკლდა. ცნობისთვის, პირველ ტაიმში მასპინძლები 11 ქულითაც კი იგებდნენ, დასკვნითი მეოთხედისთვის უკვე სტუმრები დაწინაურდნენ 8 ქულით, ბოლოსკენ განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ კი ზემოთაც მოგახსენეთ.
შესარჩევ ჯგუფში უმთავრეს მეტოქესთან მატჩში, ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად ზაზა ფაჩულიასი ეიმედებოდა და კაპიტანს მათთვის იმედები არ გაუცრუებია. ზაზამ მოედანზე 26:33 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი. აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ 10-დან 7 ორქულიანი და 10-დან 8 სამქულიანი გამოიყენა. დაბლ-დაბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) გაიფორმა ვიქტორ სანიკიძემ, მაიკლ დიქსონმა და თორნიკე შენგელიამ კი 13-13 ქულა ჩააგდეს. სამწუხაროდ, შეტევაში სუსტად გამოიყურებოდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც თამაშიდან 12-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა (ექვსივე სამქულიანი ააცილა), არადა პასების (7) მხრივ, ყველაფერი რიგზე ჰქონდა.
ამ მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ჩერნოგორია კი, რომლის დარი ნაკრები ოფიციალურ შეხვედრებში თბილისს პირველად ეწვია, ერთპიროვნული ლიდერი შეიქმნა. მარცხის მიუხედავად, ქართველ კალათბურთელებს ჯგუფიდან გასვლის საკმაოდ კარგი შანსი რჩებათ და ახლა, მთელი ყურადღების მომდევნო სამ შეხვედრაზე გადატანაა საჭირო. მათგან უახლოესი ილიას ზუროსის შეგირდებს 10 სექტემბერს ელით. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე აუტსაიდერი ალბანეთი იქნება, რომელიც გუშინ სლოვაკეთში 60:69 დამარცხდა.
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი. თბილისის სპორტის სასახლე. 9 000 მაყურებელი
საქართველო – ჩერნოგორია 74:76 (25:19, 17:21, 12:22, 20:14)
საქართველო: დიქსონი (31 წ. 13 ქ. 4 პ.), ფაჩულია (27 წ. 22 ქ. 9 მ. 3 პ.), ცინცაძე (26 წ. 6 ქ. 3 მ. 7 პ.), სანიკიძე (36 წ. 10 ქ. 10 მ.), შენგელია (30 წ. 13 ქ. 9 მ.); ბოისა (2 წ.), შერმადინი (14 წ. 4 ქ. 4 მ.), სანაძე (23 წ. 6 ქ. 2 მ.), ბურჯანაძე (12 წ. 3 მ.).
მწვრთნელი: ილიას ზუროსი.
ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (28 წ. 17 ქ. 11 მ. 4 პ.), მიჰაილოვიჩი (17 წ. 5 ქ.), ნეედამი (26 წ. 12 ქ. 2 პ.), დურიშიჩი (28 წ. 7 ქ. 3 მ.), დაშიჩი (12 წ. 2 მ.); პავლიჩევიჩი (14 წ. 6 ქ. 2 მ. 2 პ.), რადონჩიჩი (10 წ. 3 ქ.), ტოდოროვიჩი (18 წ. 2 ქ. 6 მ.), დუბლევიჩი (22 წ. 6 ქ. 5 მ. 3 პ.), ვრანიეში (13 წ. 3 ქ. 2 მ. 2 პ.), პოპოვიჩი (11 წ. 8 ქ.).
მწვრთნელი: ბოგდან ტანიევიჩი.
მსაჯები: რობერტ ლოტერმოზერი (გერმანია), ინგუს ბაუმანისი (ლატვია), ელიას კორომილასი (საბერძნეთი).
კომისარი: ზია პალა (თურქეთი).
ორქულიანები: 53.1% – 33.3%, სამქულიანები: 15.0% – 39.4%, საჯარიმო სროლები: 86.7% – 64.3%, მოხსნები: 48 (15) – 37 (15), პასები: 17 – 16, შეცდომები: 16 – 8, ჩაჭრები: 3 – 5, დაფარებები: 2 – 2, ჯარიმები: 19 – 21, ქულები სწრაფი გარღვევისას: 14 – 7, უდიდესი ლიდერობა: 11 – 8, ქულები სამწამიანი ზონიდან: 40 – 24, სათადარიგოების ქულები: 10 – 28, ქულები მეტოქის შეცდომის შემდეგ: 8 – 15, ე.წ “მეორე შანსის” ქულები: 10 – 11, უდიდესი “გაქცევა”: 9:0 – 6:0, ლიდერობა დროის მხრივ: 21:49 წ. – 15:09 წ.
სლოვაკეთი – ალბანეთი 69:60 (14:11, 20:20, 25:17, 10:12)
1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6
2. საქართველო 3 2 1 254:186 5
3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4
4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3