სხვა

14:20 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნაცნობობა ბუნდესლიგასთან

საქართველოს ნაკრების სამი ხელბურთელი, ქეთი კუნელაშვილი, მედეა ჩოხელი და ანა ყველაშვილი დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ოცდღიანი სწავლება გაიარა მეორე ბუნდესლიგის გუნდ ბენსჰაიმ-აუერბახის სახელბურთო აკადემიაში.

ანა ყველაშვილი: - ბენსჰაიმ-აუერბახი ქალთა კლუბია, რომლის პირველი გუნდიც თამაშობს მეორე ბუნდესლიგაში. ქალაქი ფრანკფურტთან ახლოსაა. 2013 წელს კლუბი პირველ ბუნდესლიგაშიც გადავიდა, მაგრამ იმავე სეზონში მეორეში დაბრუნდა და ახლა მიზნად ისევ აღზევება აქვს.

აკადემიაში 5 სხვადასხვა ასაკის გოგონათა გუნდია. ჩვენ ჩვენს თანატოლებთან, 1998-99 წლებში დაბადებულებთან ვვარჯიშობდით, თუმცა, ერთი ვარჯიში, კროსი გვქონდა ქალების გუნდთანაც, და ჩვენ თვითონვე გაგვიკვირდა, როდესაც სირბილის ჩვენი ტემპის აყოლა გერმანელებს გაუჭირდათ.

დანარჩენ დროს ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა თანატოლებთან და მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე ტურნირში. ჯამში ათი მატჩი ვითამაშეთ კიდეც და ძალიან კმაყოფილები ვართ.

ქეთი კუნელაშვილი: - თამაშებზე თავიდან ცოტათი გაგვიჭირდა, რადგანაც ასაკობრივი გუნდების ზოგიერთ ტურნირებზე გერმანიაში ხელის წებოს ხმარება აკრძალულია და მიუჩვევლები ვიყავით, მაგრამ ამასაც ავუღეთ ალღო. 5-6 გოლი გავიტანე ზოგიერთ თამაშში. ბენსჰაიმი კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი ამავე ასაკის ნაკრები მათ თავისუფლად დაამარცხებს. ერთადერთი, ჩვენზე მაღლები არიან და ისიც სულ რამდენიმე გოგონა. ძირითადი სიახლე ჩვენთვის ის იყო, რომ ვარჯიშები განსხვავებული მეთოდიკით ტარდებოდა და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. ჯამში ეს 20 დღე ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო.

მედეა ჩოხელი: - ქეთი ძალიან მოეწონათ ძლიერი დარტყმების გამო, ანა შეაქეს თავისი პასებისთვის, მე მითხრეს, რომ დაცვაში კარგად ვთამაშობ. გერმანელებთან მომავალ ურთიერთობას რაც შეეხება, გამოგვკითხეს, რას ვაპირებთ სკოლის დამთავრების შემდეგ. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელბურთის თამაშის გაგრძელება გვაქვს გადაწყვეტილი და ბევრად უკეთესი იქნება, თუ პროფესიულ კარიერას უცხოეთში ავაწყობთ. ვნახოთ, გაისად რა მოხდება, ახალ სეზონში კი ორი მნიშვნელოვანი ტურნირი გვაქვს - ნოემბერში თბილისის მამულში უნდა ვითამაშოთ ჩელენჯ კაპზე ჩეხეთის სოკოლ პორუბას წინააღმდეგ, მარტში კი გვაქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ცხრამეტწლამდელებში. წილისყრა ოქტომბერშია და შედეგებს მოუთმენლად ველოდებით.

გოგონებმა უკვე დაიწყეს ვარჯიში საქართველოს ნაკრებთან ერთად გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით, ბენსჰაიმში გამგზავრება კი მოხერხდა გერმანელი სახელბურთო ექსპერტის, კლაუს ფელდმანისა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად. ყველა ხარჯი საქართველოს ფედერაციამ გაიღო და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

გოგონათა ნაკრებს წინ კიდევ ორი ასაკობრივი შეჯიბრება აქვს - უკვე ნახსენები 19-წლამდელთა ევროპირველობა და 2018 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია, რის შემდეგაც გუნდი უკვე ქალთა ეროვნული ნაკრებების დონეზე დაიწყებს გამოსვლას.

0.126348