კალათბურთი

0:53 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მონტენეგროსთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროსთან მატჩისთვის ემზადება. 7 სექტემბერს, 19:00 საათზე ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის F ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში მთავარ კონკურენტ მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომლის დამარცხების შემთხვევაში ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

მონტენეგრო, რომელსაც ხნიერი და ლეგენდარული მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი წვრთნის, თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა და ქართველებთან საბრძოლველად საგულდაგულოდ ემზადება. ექსიუგოსლავიელებს აკლიათ მინესოტელი ნიკოლა პეკოვიჩი, თუმცა წლების შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს „ორლანდო მეჯიქისა“ და მთლიანად ნბა-ს ერთ-ერთ ერთი საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი ნიკოლა ვუჩევიჩი.

მონტენეგროელები საქართველოს მსგავსად წაუგებლები არიან – ტანიევიჩის გუნდმა სლოვაკებს შინ, ალბანელებს კი სტუმრად მოუგო. საქართველომ კი პირიქით – სლოვაკეთში მასპინძლებს და თბილისში ალბანელებს იოლად სძლია. სლოვაკეთში 94:63 მოგებულ მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღეს ვიქტორ სანიკიძემ და ბესო ლეჟავამ. ორივე ეს კალათბურთელი მონტენეგროსთან მატჩში ითამაშებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარებს საიტზე tkt.ge. გულშემატკივრებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სპორტის სასახლეში მატჩის დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, რათა გასახდელიდან მოედანზე გამოსულმა მონტენეგროელებმა სავსე ტრიბუნების ძალა თავიდანვე იგრძნონ.

ილიას ზუროსი: “დავიწყებ ისევ გულშემატკივართაგან და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. რამდენადაც ვიცი, ხვალ დარბაზი სავსე იქნება და ეს ძალიან კარგია. გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ერთად უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რაც მოგების გარანტი იქნება. ჩვენ ეს დაგვანახა გასულმა თამაშებმა და ვალდებულები ვართ, კვლავ კონცენტრაცია დაცვაზე მოვახდონოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და იმედი მაქვს, ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს”.

გიორგი შერმადინი: “ორი ოფიციალური მატჩი გავმართეთ ალბანეთთან და სლოვაკეთთან, რომლებშიც ყველაფერი გამოგვივიდა. ბოლო მატჩის შემდეგ მოსამზადებლად 3 დღე გვქონდა და ვარჯიშები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ყველამ კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს და ჩვენის მხრივ, გპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ მოსაგებად”.

თორნიკე შენგელია: “მონტენეგროს ყველა პოზიციაზე ჰყავს საკმაოდ კარგი მოთამაშეები და ასევე არც სათადარიგოები ჩამორჩებიან სასტარტოებს. ვიცით მათი ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები, ასევე ნბა-ს წარმომადგენელი. ერთი სიტყვით, მაღალი დონის გუნდია და უნდა გამოვიყენოთ მათი სუსტი მხარეები, რაც სწრაფად დაცვაში დაბრუნებაში გამოიხატება. ჩემს მზადყოფნას რაც შეეხება, ტრავმის შემდეგ 100 პროცენტით აღდგენილი არ მაქვს ფორმა, მაგრამ ხვალ საბრძოლველად მზად ვარ გამარჯვებითვის არაფერს დავზოგავ”.

ბექა ბურჯანაძე: “ჯგუფში ყველაზე რთული მატჩი გველის მონტენეგროსთან და ამ პრინციპულ დაპირისპირებას კარგად მომზადებულები ვხვდებით. ჩვენს მეტოქეს ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველას ველით სპორტის სასახლეში”.

ზაზა ფაჩულია: “7 სექტემბერს მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის – ვეთამაშებით მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვს მძიმე მატჩი იქნება, რომლის მოგების შემთხვევაში 90 პროცენტით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. იმედი მაქვს, სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება”.

www.gbf.ge

0.115262