ჭადრაკი

0:25 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭადრაკეებმა დამაჯერებლად იმარჯვეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-5 ტურში, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებებმა ერთნაირი ანგარიშით – 3.5:0.5 იმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაჟების წარმატება, რომელმაც საკმაოდ ძლიერ ესპანეთის გუნდს შანსი არ დაუტოვეს, ქალებმა კი პერუს ნაკრები დაჩაგრეს.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებაში ბაადურ ჯობავამ (2665) შავი ფიგურებით ფრანსისკო პონს ვალეხო (2716) დაამარცხა, შავებითვე თამაზ გელაშვილმა (2575) რენიერ ვასკეს იგარზას (2580) სძლია, ლევან ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით დავიდ ანტონ გუიხაროს (2630) მოუგო, თორნიკე სანიკიძე კი თეთრებითვე ხოსე კარლოს იბარა ხერესს (2566) დაუზავდა.

5 ტურის თავზე 10-10 ქულით ჰოლანდია, უკრაინა და ინდოეთი დაწინაურდნენ, რომელთაც ქულით ჩამორჩებიან ჩეხეთი, აშშ და საქართველო. დამატებითი მაჩვენებლებით, საქართველო მე-6 ადგილზეა, რაც მე-20 განთესვის მქონე ნაკრებისთვის ჩინებული შედეგია. მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჩეხეთს გაეჯიბრებიან.

ქალთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა თავი 8 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. 10-10 ქულით რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ, რუმინეთს, ჩინეთს და აზერბაიჯანის პირველ გუნდს აქტივში 9-9 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უნგრეთი, საქართველო, პოლონეთი, ინდოეთი, თურქეთი, სერბეთი, ვიეტნამი, აშშ, ლატვია, ყაზახეთი და ჰოლანდია მოდიან.

გასულ ტურში 41-ე ნომრად განთესილ პერუს ნაკრებთან მე-4 რეიტინგის მქონე ქართულ გუნდს პრობლემები არ შექმნია. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა (2486), ბელა ხოტენაშვილმა (2463) და ნინო ბაციაშვილმა (2474), ერთადერთი ყაიმი კი ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2522) გააფორმა.

მე-6 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანის პირველ გუნდს დაუპირისპირდება.

0.118744