ფეხბურთი

22:50 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

2:2 ლიდერთან: ნაკრები, რომელიც თამაშობს და არ წვალობს

სანახაობრივი თამაში გამოდგა ორივე გუნდის შესრულებით. მადლობა ეკუთვნის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს – გამართულადაც ითამაშა და ბოლომდეც იბრძოლა. ჩანდა, რომ მოედანზე იყო გუნდი, რომელსაც გააზრებული ჰქონდა, თუ რომელ სათამაშო მომენტში რა უნდა ეკეთებინა, ოღონდ, რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც. შეიძლებოდა რამდენიმე შეტევის უკეთ განვითარება და უფრო გამწვავება.
რამდენიმე დღის წინ ქართველმა 21-წლამდელებმა ესტონეთი დაამარცხეს, ამჯერად კი, რა შედარებაა, გაცილებით ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ საქმე. მარტო ის რად ღირს, რომ ხორვატიამ მარტში ესპანეთს სტუმრად 3:0 მოუგო.
დასაწყისი მშვენიერი იყო: გიორგი ხარაიშვილის პასის შემდეგ ნიკა კაჭარავამ ჭკვიანურად გაატარა ბურთი და გიორგი პაპუნაშვილმა ძლიერი დარტყმით გაიტანა – 1:0. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მერე კი ხორვატთა ათწუთიანი უპირატესობა ვიხილეთ. გამოირჩეოდა მარცხენა შემტევი ნიკოლა ვლასიჩი, ინდივიდუალური გარღვევები განახორციელა და ერთ-ერთი ასეთი კინაღამ გოლით დასრულდა: პავიჩიჩმა ვერ დაუფასა, თავურით ააცილა. მერე ისევ გათანაბრდა თამაში და ნიკა კაჭარავას შეეძლო გატანა, როცა დასწრებაზე ითამაშა და ოდნავ ააცილა.
ტაიმის ბოლო წუთები იყო უსიამოვნო და აკი, სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს. სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც სტიპე პერიცამ ახლოდან დარტყმით დაასრულა – 1:1. სხვათა შორის, პერიცა “უდინეზეს” ფორვარდია და მიმდინარე სერია ა-ში სადებიუტო მატჩში გოლი გაუტანა “ტორინოს”.
მეორე ნახევრის დასაწყისიც კარგი იყო გეგუჩაძის გუნდისთვის. ოთარ კიტეიშვილმა მარცხნიდან საჯარიმოში შეაგორა ბურთი, ნიკა კაჭარავამ კი ორიგინალური მოძრაობით თავბრუ დაახვია მცველებს, დაარტყა და მართალია, მეკარემ მოახერხა რეაგირება, მაგრამ ბურთი მაინც შევარდა კარში – 2:1.
გააქტიურდნენ ხორვატები. ვლასიჩს მხარი აუბა მარკო როგმა და შეცვლაზე შესულმა ბრეკალომაც, რომელმაც მარჯვნიდან არაერთი ხიფათი შექმნა. საწყენი იყო, რომ მალევე გაგვითანაბრეს: პერიცამ ახლოდან თავურით გაიტანა. თითქოს არაფრისგან შეიქმნა ეს გოლი, პერიცასთან ახლოს მეკარე ლაზარე კუპატაძე და კიდევ ორი ჩვენიანი იდგა, მაგრამ ხორვატმა კლასი გამოამჟღავნა.
მეკარეს მაინც ვერ ვუსაყვედურებთ. ლაზარე კუპატაძემ ბოლო ნახევარ საათში დამაჯერებელი იყო. ორჯერ მოიგერია ბრეკალოს სახიფათოდ დარტყმული, კიდევ როგისა და იმავე პერიცას გასროლილებს გაუმკლავდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი ჩორიჩს არ გაატანინა და ფეხით მოიგერია – პირისპირ გასვლისას.
სხვათა შორის, სანახაობრივი თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. ორივე გუნდი მოსაგებად თამაშობდა და იყო მონაკვეთები, შეტევას იმწამსვე კონტრშეტევა მოსდევდა. ვაკო გვილია მეორე ტაიმში დაიღალა, შეცდომები დაუშვა და იმიტომაც შეცვალა გეგუჩაძემ. აი, დანარჩენი ორივე შეცვლა კი იძულებითი იყო. ერთი სულაც პირველ ტაიმში.
ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა, შეთამაშება აშკარად ჩანდა. ეს არ იყო კონკრეტულად ერთი-ორი ფეხბურთელის ინდივიდუალიზმზე აწყობილი თამაში. შეტევა იწყებოდა გააზრებულად, თავისუფალ პარტნიორს იოლად პოულობდნენ ჩვენები. ბურთის დაკარგვას კი მაშინვე მოჰყვებოდა დაზღვევა. შეცდომები იყო, თანაც საკმაოდ, მაგრამ ეს უფრო დაღლილობის შედეგად.
რატომ დაღლილობის? სად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების მომზადება და სად თუნდაც ზაგრების “დინამოსი”. აღარაფერს ვამბობთ სერია ა-ს კლუბებზე.
ბოლოს ხორვატები უფრო აქტიურნი იყვნენ, უტევდნენ და ქართველები კონტრშეტევებს ცდილობდნენ. რამდენჯერმე იყო შანსი, ქართველებს უკეთ ემოქმედათ მეტოქის საჯარიმოში, ან საჯარიმოსთან. ალბათ, უფრო ხშირად უნდა დაერტყათ კარში, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ხორვატია ზედმეტის საშუალებას არ იძლეოდა.
საბოლოოდ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 13 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი. მეოთხე პოზიციას ვერ ავცდებოდით, ეს თამაშამდეც ცხადი იყო, ხოლო სტუმრებს მნიშვნელოვანი ორი ქულა კი დავაკარგვინეთ. ხორვატია ჯგუფის ლიდერად რჩება, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ პირველობა შეინარჩუნოს.
აშკარაა, რომ გია გეგუჩაძის ხელში ნაკრები უკეთესი გახდა: წინა წლებთან შედარებით, 21-წლამდელების თამაშში პროგრესია.

6 სექტემბერი. 19:30. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”
21-წლამდელთა ევროშესარჩევი
საქართველო-ხორვატია 2:2 (1:1)
საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე (მარგველაშვილი 77), უბილავა (თევზაძე 22), ცინცაძე, გვილია (გოროზია 70), ხარაიშვილი, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა
ხორვატია: ლივაკოვიჩი, ბარტოლეცი, მილიჩი, ჩალეტა-სარი, პერიჩი, ვლასიჩი, როგი, პავიჩიჩი (კაპანი 76), ტუდორი (ბრეკალო 58), ჩორიჩი (კროვონოვიჩი 63), პერიცა
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (2), 1:1 პერიცა (43), 2:1 კაჭარავა (50), 2:2 პერიცა (61)
გაფრთხილება: ცნობილაძე (42), როგი (60), ჩალეტა-სარი (64), ცინცაძე (64), გოროზია (73)L
მსაჯი: ივაილო სტოიანოვი

ხორვატია 9 6 2 1 22:7 20
შვედეთი 8 5 3 0 17:5 18
ესპანეთი 8 5 2 1 23:9 17
საქართველო 10 4 1 5 17:17 13
ესტონეთი 8 1 1 6 3:18 4
სან მარინო 9 0 1 8 1:27 1

0.134433