კალათბურთი

18:15 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ჩვენი მთავარი უპირატესობა ქართველი ქომაგი იქნება”

ქართული საკალათბურთო სამყარო უმნიშვნელოვანესი მატჩის მოლოდინშია. 7 სექტემბერს, 19:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩერნოგორიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალური ეტაპისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. მომავალ ჯახში ქართველ ქომაგებს, რომელთაც ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში მრავლად ელიან, უდიდესი როლი დაეკისრებათ. პრინციპული შეხვედრის წინ, ამ და სხვა ფაქტორებზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა.

- ჩერნოგორიამ შესარჩევ ციკლში ჩინებული სტარტი აიღო. მათმა თამაშმა თქვენზე რა შთაბეჭდილება მოახდინა?

- მათ ძალიან კარგი გუნდი შექმნეს. ეს დაბალანსებული ნაკრებია, რომელსაც გამოცდილი კალათბურთელები და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ბოგდან ტანიევიჩს მას შემდეგ ვიცნობ, რაც თურქეთში ვთამაშობდი. მას ბევრ ძლიერ გუნდში უმუშავია და კარგი შედეგებიც ჰქონდა. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ შინ ვთამაშობთ და თუკი ქართველი ქომაგების მხარდაჭერას შესაბამისად გამოვიყენებთ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

- ოთხშაბათს დაგეგმილი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ამ შესარჩევ ციკლში ყველაზე მნიშვნელოვანია?

- ნათელია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ევრობასკეტის ფინალური ეტაპისკენ უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საშინაო მატჩი არ დავთმოთ. საჭიროა ჭკვიანურად თამაში და ერთმანეთის დახმარება, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. კარგად გვესმის, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სავსე ტრიბუნებმა დიდი დახმარება უნდა გაგვიწიოს.

- ჩერნოგორიის ნაკრების ლიდერის ნიკოლა ვუჩევიჩის წინააღმდეგ ნბა-ში არაერთხელ გითამაშიათ. კონკრეტულად თქვენი დაპირისპირებისგან ქომაგი რას უნდა ელოდეს?

- სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შორის დიდი სხვაობაა, რადგანაც მოედანზე გასვლისას განსხვავებული როლი გვაკისრია, სხვადასხვა თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობთ, ტაქტიკაც სხვაგვარია და საერთოდაც, ევროპული კალათბურთი ამერიკულისგან ძალიან განსხვავდება. ნიკოლას წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნება. ბოლო წლებში მან დიდი პროგრესი განიცადა. მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება ორივეს გვაქვს. თუმცა, კალათბურთი გუნდური სპორტია და მხოლოდ 1 მოთამაშე ვერაფერს გადაწყვეტს.

- 8 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი და თამაშის ახალი სისტემა აქვს. ეს, თქვენთვის რას ნიშნავს და როგორ ფიქრობთ, სიახლეები წარმატების მომტანი იქნება?

- იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, მართლად დიდი ხანი ვთამაშობდით და მან ქართული კალათბურთისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სამუშაო გასწია. როდესაც იგორი დაინიშნა, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ვთამაშობდით, საიდანაც A დივიზიონში აღვზევდით, შემდეგ კი, ზედიზედ სამ ევრობასკეტზე ვითამაშეთ.

ახლა, ილიას ზუროსთან ერთად, განსხვავებული ტაქტიკა გვაქვს. შესაძლოა, მცირე დეტალები იყოს, მაგრამ მათ თამაშის იერსახის შეცვლა შეუძლიათ, ამდენად, ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია, სახელოვან კლუბებში უმუშავია და მასთან მუშაობა ნამდვილად საინტერესოა. ილიასს დაცვაში კარგად თამაშზე განსაკუთრებული ყურადღება აქვს გადატანილი და მოთამაშეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ვიმედოვნებ, შედეგები ამჯერადაც კარგი იქნება და ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშებთ.

- საქართველოს ევრობასკეტზე მიჯრით მეოთხედ გასვლის შანსი აქვს და ამ შემთხვევაში, ამ ტურნირზე თქვენც მეოთხედ ითამაშებთ. ეს სერია თქვენთვის რას ნიშნავს?

- საამაყოა, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია და შენი ქვეყნის ღირსებას იცავ. ამასთან, ეროვნული გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რაც დამატებით პასუხისმგებლობას მაკისრებს. თუკი შესარჩევ ციკლში ვიმარჯვებთ და ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ წავალთ, საქართველოს კიდევ ერთხელ ვასახელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121862