კალათბურთი

16:34 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე “ქუთაისში” ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი წევრი გიორგი ცინცაძე საქართველოს ჩემპიონატს უბრუნდება და მომავალ სეზონში “ქუთაისის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას იმერული კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

30 წლის ცინცაძეს კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბის ღირსება დაუცავს. ესენია: „ბასკო“ (ბათუმი), რუსული – ცსკა (მოსკოვი), ცსკ ვვს (სამარა), „ურალ გრეიტი“ (პერმი) და „დინამო“ (მოსკოვი), ესტონური „ტარტუ როკი“, ბერძნული „ტრიკალა“, უკრაინული „დონეცკი“ და „ბუდიველნიკი (კიევი), პოლონური „ტრეფლი“ (სოპოტი), „ოლიმპი“ (თბილისი), ლიბანური „ჩემპვილი“, მაკედონიური მზტ (სკოპიე), „შსს აკადემია“ (თბილისი), ფრანგული „გრაველინი“ და “რუანი“.

ამჟამად, გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშობს. ცნობისთვის, ცინცაძეს ეროვნულ გუნდში უკვე 65 მატჩი მოუგროვდა და ზუსტად 500 ქულა აქვს დაგროვებული.

გიორგი ცინცაძე: „მოხარული ვარ, რომ ქუთაისურ გუნდში მომიწევს თამაში და ვეცდები ბიჭებთან ერთად ყველაფერი გავაკეთო დასახული მიზნების მისაღწევად. ვიმედოვნებ, მორიგი წარმატებული სეზონი გვექნება. ნაკრებს რაც შეეხება, 7 სექტემბერს მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გვაქვს მონტენეგროს გუნდთან. გამარჯვების შემთხვევაში 99 პროცენტით ვინაღდებთ ევრობასკეტის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლას. მთელი სერიოზულობით ვემზადებით მატჩისთვის და მჯერა, ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ“.

0.110938